პატრიარქის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, რომ კარგი იქნება, თუკი მას პატიმრების შეწყალების უფლება მიეცემა, სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამ საკითხს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
„ბევრი დაიწერა „შეწყალების“ აქტის სასულირო პირებისთვის გადაცემაზე, მის ანტისახელმწიფოებრივ შინაარსზე, თუმცა ძალიან ცოტა რამ ითქვა ამ შესაძლებლობის ქრისტიანულ მსოფლგაგებასთან სრულ შეუთავსებლობაზე. იოანეს სახარების მეთვრმეტე თავში არის ცნობილი დიალოგი მაცხოვარსა და პილატეს შორის, სადაც მაცხოვარი პასუხობს პილატეს, რომელსაც ჰქონდა ამ ქვეყნად დასჯისა და შეწყალების ძალაუფლება – მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს, ანუ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიურიო. მაცხოვრის ეს სიტყვები ქრისტიანობის ქვაკუთხედია, მისი მეუფება და ძალაუფლება არაა ამა სოფლის და ამა სოფლისგან, შესაბამისად ყველა მცდელობა, რომ ასეთი და ამგვარი გახადონ იგი – პირდაპირ უარყოფს და ემიჯნება ქრისტეს და ქრისტიანობის უმთავრეს პრინციპებს.
ხოლო რაც შეეხება უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტისთვის ამ კანონიერი უფლების ჩამორთმევის, ან მასში „ჩაწილების“ მცდელობას – დარწმუნებული ვარ, აქედან არაფერი გამოვა…“