გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლანჩხუთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – თენგიზ ხოფერიას მიმართა.
ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.
„აღსანიშნავია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია, გასული წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული. სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.მ., ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლანჩხუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „ქურდულ სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
კერძოდ, 2018 წლის აპრილიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2018 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და დააკავა „ქურდული სამყაროსა“ და კრიმინალური დაჯგუფებების 198 წევრი, რომელთაგან 13 ე.წ. კანონიერი ქურდია, ხოლო 28 პირს ბრალი კანონის ახალი მუხლებით წარედგინა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.