“ე.წ. საგუშაგო თუ მავთულხლართების მონაკვეთები, ეს ყველაფერი არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან,” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმი „ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რომ ზემოქმედება გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს, რამდენი ჩვენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი კონტროლირებად ტერიტორიაზე“.
„საუბედუროდ, 2008 წლის ღია სამხედრო ოკუპაციის შემდეგ, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა გრძელდება. ე.წ საგუშაგო თუ მავთულხლართების მონაკვეთები, ეს ყველაფერი არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს განსაკუთრებით ცინიკურია იმ ვითარებაში, როცა ცხინვალის მიმართულებით ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე შეზღუდულია მოძრაობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ოსებისთვისაც. ისედაც 80 პროცენტით დაცარიელებული ცხინვალის მოსახლეობისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა. სრულიად მორიდების გარეშე, მაგათი „სპუტნიკი“ აცხადებდა იმას, რომ მიმდინარე წელს 40 ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათგან 90% არიან ადამიანები, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან ცდილობენ გადმოვიდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის და ამაზე მეტი ცინიზმი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია,” – განაცხადა ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
„შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც პატრულირებს მხოლოდ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან სამწუხაროდ, არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება. რა თქმა უნდა, ინფორმირებული არიან თანათავმჯდომარეები, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ახლა იმყოფება საქართველოში. ხვალ ერგნეთში ჩანიშნულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა. ბევრ სხვა მწვავე საკითხთან ერთად, განიხილება ეს უახლესი ეპიზოდები, რომლებიც პირდაპირ მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედებს,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.
სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს.