LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კინოწარმოებით ბრიტანელი რეჟისორი დაინტერესდა

105

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი ცნობილ ბრიტანელ რეჟისორს მარტა ფაინსსა და პროდუსერ დეტმარ ბლოუსს შეხვდა, რომლებიც საქართველოს თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ფილმების გადასაღებად ხელსაყრელი ლოკაციები.

ქეთევან ბოჭორიშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს, როგორც საერთაშორისო კინოს გადასაღებად სასურველი ლოკაციის პოპულარიზაციას გულისხმობს.

როგორც ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მზად არის პროდიუსერებთან საერთაშორისოდ აღიარებული 20%-იანი ე.წ „Cash rebate სისტემით“ იმუშაოს, რაც კინოგადაღებისას ქვეყანაში დახარჯული ბიუჯეტის 20%-ის პროდიუსერისათვის დაბრუნებას გულისხმობს.

„ეს წარმოადგენს სტიმულს ბევრი აღიარებული, საერთაშორისო რეჟისორისა თუ პროდიუსერისათვის, რომ ჩავიდნენ ახალ ქვეყანაში და გამოიკვლიონ მისი პოტენციალი,“- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოში კინოწარმოების პროგრამის ხელშეწყობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრთან ერთად.