კომპანია, რომელიც რეკლამის სანაცვლოდ ტაქსებს თეთრად გადაღებავს, კონკურსის შედეგად უკვე გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ფერი უნდა იყოს თეთრი, ხოლო მათ ვისაც გავლილი ექნება ტექინსპექტირება და აღებული ლიცენზია, გადაღებვის ვალდებულებას აიღებს კონკურსში გამარჯვებული კომპანია.
როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, გამარჯვებული კომპანიაა “ალმა”, რომელიც პირველი მარტიდან 2 სახის ვაუჩერის გაცემას უზრუნველყოფს ტაქსის ნებართვის მფლობელებზე.
“პირველი იქნება თეთრ ფერზე გადაღებვის ვაუჩერი და მეორე იქნება ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი.
ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვით, კომპანია ამის სანაცვლოდ თანხებს არ მოითხოვს ტაქსის ნებართვის მფოლბელებისგან. ის უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე განათავსებს რეკლამას 2 წლის ვადით და ამის სანაცვლოდ უზრუნველყოფს შეღებვას.
ჩვენ ეს კონკურსი მივაბით სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აუქციონს და რეალურად, კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა და საკმაოდ ეფექტური ვაჭრობა შედგა, დაახლოებით 11 მილიონიდან დაიწყო და 14 მილიონს ასცდა. გამარჯვებული კომპანია არის”ალმა”, საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მზად არის პირველი მარტიდან გასცეს გადაღებვის და წმენდის ვაუჩერები რეკლამების განთავსების სანაცვლოდ,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.