საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განმარტა, ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაში ხდება – ავღანეთში და ბირმაში, იქაც მარცხენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობაა. ” მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო – 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014 წელს – 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 – 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება,”- განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ამის შესახებ შესაბამის ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.