პედიატრები მშობლებს აფრთხილებენ, რომ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების ხშირად მოხმარება, როგორიცაა, მაგალითად – “კალპოლი” და “დისპროლი”, ბავშვების ჯანმრთელობას მოგვიანებით პრობლემებს შეუქმნის, ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის წამყვანი პედიატრი, პროფესორი ელესტერ სატკლიფი ამბობს, რომ მშობლები ტემპერატურის დამწევ წამლებს ხშირად ბავშვს დაბალი სიცხის დროსაც აძლევენ. შედეგად კი იზრდება ასთმით დაავადების, თირკმელების, გულის და ღვიძლის დაზიანების რისკი.
„მშობლები პარაცეტამოლის შემცველ წამლებს დაუდევრად მოახმარენ შვილებს. ისინი ფიქრობენ, რომ ტემპერატურა დაავადებაა, რაც სულაც არ არის ასე. პარაცეტამოლის გადაჭარბებული მიღება დაკავშირებულია ასთმის რისკთან, ღვიძლის, გულის და თირკმელების დაზიანებასთან,“ – ამბობს სატკლიფი.
კომპანია Royal Pharmaceutical Society-ს სპიკერი სტივ ტომლინი მიიჩნევს, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შესახებ.
„მხოლოდ ორი ან სამი დღის მანძილზე შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს პარაცეტამოლის მითითებულზე მაღალი დოზა და გახსოვდეთ, რომ ეს არ არის უსაფრთხო პრეპარატი,“ – ამბობს ტომლინი.
პედიატრი ჰელენ სემონსი კი ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურა არ არის ცუდი და არის ნიშანი, რომ ორგანიზმი ინფექციას ებრძვის.
„პარაცეტამოლი ძალიან კარგი საშუალებაა დისკომფორტისა და ტკივილის მოხსნისთვის, თუმცა არ შეიძლება, ნებისმიერი ტემპერატურის დროს მივცეთ ბავშვს,“ – ამბობს სემონსი.