ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ოპოზიციას იმდენი უხერხულობა და პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ ისინი თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
ის გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებაში სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
„თუ ვინმე კატეგორიულად ამბობს, ვისგან მოდის ეს, იქნებ, მტკიცებულებებიც წარმოადგინოს. მე როგორ დავადო ვინმეს ხელი მტკიცებულებების გარეშე? მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ რამე მსგავსის გავრცელების მოტივაცია პოლიტიკურ ოპოზიციას ახლა ნაკლებად ჰქონდა, იმიტომ რომ ეს ჩანაწერები მათ ჰქონდათ, ეს მათი შექმნილია. ეკა ბესელიამპოლიტიკურ ოპოზიციას იმდენი უხერხულობა და პრობლემები შეუქმნა, იმდენჯერ გაამწარა, რომ თუ აპირებდნენ, აქამდეც გაავრცელებდნენ. მე მგონია, რომ ეს საკითხი უკავშირდება მის პოზიციას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ხელს ვერავის დავადებ. ასეთი მორალის ადამიანი, რომელიც ჩანაწერებს გაავრცელებდა, მე მგონია, რომ მოსამართლეებშიც რთულად მოიძებნება, თუმცა, ვინც გაავრცელა, იმის მოტივაცია სწორედ ეს იყო. მტკიცებულებების გარეშე ამაზე მეტის თქმა არ შეიძლება. ვინც მტკიცებულებების გარეშე საუბრობს და ხელს იშვერს კონკრეტული სუბიექტებისკენ, მე მათაც არ ვეთანხმები. არსებობს გამოძიების კომპეტენცია და თუ გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა, შემდეგ არის ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს პროცესი ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს. მხოლოდ იმის ძახილი, რომ ეს „ნაციონალებმა“ შექმნეს და გავრცელებაც მათი ბრალია, ეს საკმარისი არაა“, – განაცხადა ფოფხაძემ.