LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ საცალო ბაზრის კვლევა დაიწყო – იგეგმება ზღვრული ტარიფების შემოღება

g

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის.

ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადებულია ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების გარკვეული მომსახურებების დადგენას ითვალისწინებს. კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისათვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში – 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ამასთან, 32 ლარიდან 13 ლარამდე დაიწია გლობალური ინტერნეტის საბითუმო რესურსებთან დაშვების მომსახურების ტარიფმა. ასევე, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და უახლოეს მომავალში მონიტორინგს დაიწყებს. კომისია ნებისმიერ მომენტში განახორცილებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს, იმის დასადგენად, რამდენად ხარისხიან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის მომსახურებას აწვდის ოპერატორი მომხმარებელს. გადაცდომების შემთხვევაში კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მას მერე რაც, კომისიამ საბითუმო ბაზარზე ტარიფების რეგულირებისა და ასევე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის შესახებ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთა კარგი იმპლემენტაცია 3-6 თვის შემდეგ უნდა დადგეს, კომისიას საცალო ბაზრის კვლევა, როგორც ფიქსირებულის, ისე მობილური კომუნიკაციების მიმართულებით უნდა დაეწყო. თუმცა, ოპერატორებმა ტარიფების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით პროცესი დააჩქარეს. მიუხედავად იმისა, რომ საბითუმო მომსახურებაზე ტარიფების შემცირებით ოპერატორებს მობილური და ფიქსირებული მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მიეცათ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, პირიქით, შპს „მაგთიკომმა” და სს „სილქნეტმა” მობილური და ფიქსირებული ქსელის მომსახურებებზე საცალო ტარიფების გაზრდა დააანონსეს და საბითუმო ბაზრით საცალოზე კონკურენციის მიღების პროცესში, ფასების გაზრდას შეეცადნენ.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს კომისია პრიორიტეტულად იღებს. კახა ბექაური კვლევის დასრულების შემდეგ გარკვეულ მომსახურებებზე ზღვრული ტარიფების შემოღებას არ გამორიცხავს.

“ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო და მწვავე პროცესი გველოდება, შესაძლოა ცვლილებები გახდეს საჭირო საცალო და საბითუმო ბაზარზეც. არ გამოვრიცხავ საცალო ბაზარზე სიახლეებს რეგულაციების მხრივ. თუმცა, მე ახლაც მიმაჩნია, რომ საბითუმო ბაზარი არის მთავარი სამიზნე და კომისია სწორად მუშაობს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რომ ვინმემ მნიშვნელოვანი ძალაუფლება არამართლზომიერად გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტი და კომპეტენცია, იმისთვის, რომ ოპერატორებს არაკანონზომიერი ქმედებების განხორციელების უფლება არ მივცეთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.” – განაცხადა კახა ბექაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები