“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისში, სასმელი წყლის ხარისხის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თბილისში სასმელი წყალი მომწამვლელი ყოფილიყო. GWP აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა, წყალი მუდმივ რეჟიმში კონტროლდება და ის სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს.
“გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.
კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ფორტუნას" GWP-ში განუცხადეს, რომ საშიში არაფერია. მათივე თქმით, მზად არიან ნებისმიერ პრობლემურ მისამართზე გავიდნენ და წყლის ხარისხი ლაბორატორიულად ადგილზე შეამოწმონ.
თბილისში წყლის ხარისხის პრობლემა არ არის - GWP
აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ სასმელი წყლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სტატია “ფორტუნამ” მოამზადა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აბონენტები აცხადებდნენ, რომ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე, ონკანიდან ამღვრეული და შეფერილი წყალი დააფიქსირეს, რის გამოც, სასმელად მისი გამოყენებისგან თავს იკავებენ.