ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ რომან კაკულიას ინიციატივა უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ საინტერესო აზრია და მისი განხილვა შესაძლებელია.
„მიმაჩნია, რომ რომან კაკულიას ინიციატივა უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ საკმაოდ საინტერესო აზრია და ყურადღებას ითხოვს. საქართველოს ამის ფუფუნება არ აქვს, თუმცა რაღაც ფორმით შეიძლება განვიხილოთ ამის გაკეთება”, – განაცხადა ქობულიამ.
დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის.
“მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სიმბოლურად უნდა შეიქმნას უმუშევრობის კომპენსაცია, რომელიც შეკრავს ლოგიკას. თუ ჩვენი ღია, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, რომელიმე კომპანია დაკარგავს კონკურენტუნარიანობას და მისი პროდუქტი აღარ იქნება ბაზრისთვის მიმზიდველი, იქ დასაქმებულთა მიმართ უნდა გვქონდეს ადეკვატური პასუხი,”- აცხადებს რომან კაკულია.