LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კონკურსს აცხადებს

რელიზის იმიჯი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებს კონკურსს – „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“. კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ფონდში მიაჩნიათ, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარების და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას და უზრუნველყოფენ თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს, თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე.

„კონკურსის მიზანი გახლავთ იმ ბიზნესებს და კომპანიებს ხელშეწყობა, რომლებიც ნერგავენ ქალთა გაძლიერების, სწავლების, განათლების და პროფესიული განვითარების პრინციპებს. ეს კონკურსი ეხმიანება გაეროს ქალთა უფლებების პრინციპებს, რომელიც გახლავთ მოძრაობა და მასში უკვე გაწევრიანებული ათასობით კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ქართული კომპანიებიც.

მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, გამოვავლინოთ ბიზნესებში დანერგილი პრაქტიკის ის საუკეთესო მაგალითები, რომელიც ხელს უწყობს ქალების განვითარებას, გაძლიერებას, მათ სწავლებას, განათლების მიღებას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდში არის შექმნილი ჟიური რომელიც ყოველ წელს განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს.

საქართველოში მოღვაწე ყველა ბიზნესს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონკურსში. კონკურსი დასრულდება მარტში, კონკურსის დაჯილდოების გალა ცერემონიალი ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ვებ-გვერდზე იხილოთ,“- აღნიშნავს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღნიშნულ კონკურსს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად ატარებს, რათა უზრუნველყოს მისი მდგრადობა და გაგრძელება მომავალში.

საკონკურსო მოთხოვნები ითვალისწინებს თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას.

„მოხარული ვართ, რომ MCA-ის მხრიდან ამ უნიკალური წამოწყების მემკვიდრეები ვიქნებით. წელს, პირველად ვართ თანაორგანიზატორები ამ კონკურსის და შემდგომ, რა თქმა უნდა, დაჯილდოების. მომავალი წლიდან კი ვეცდებით დამოუკიდებლად განვახორციელოთ ეს კონკურსი.

როცა ვსაუბრობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რასაც რეალურად ჩვენი ფედერაცია ემსახურება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეალობაში არსებობენ ბიზნესის წარმომადგენელი დიდი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით ზრუნავენ, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და კონკურსი მათ გამოვლინებას ემსახურება  ,“- აღნიშნავს  „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა გოგუაძე.

ფონდის ინფორმაციით, წინა წელს გამარჯვებული კომპანიების უმრავლესობამ, კონკურსის დასრულების შემდეგ არ შეწყვიტა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და განვითარების კურსი. რამდენიმე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა ხელი მოაწერეს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების „მხარდამჭერ განცხადებას“, რომლიც თანახმად მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება საკუთარ კომპანიებში ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას. ამ განცხადების ხელმოწერით ბიზნეს ლიდერები საჯაროდ გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ ქალთა უფლებების გაფართოების საქმეში და უზრუნველყონ ის ყველა დონეზე. ქალებისა და კაცების მიმართ თანასწორი დამოკიდებულება წარმოადგენს არა მხოლოდ სწორი პოზიციას, არამედ მრავალფეროვანი გარემო სასარგებლოა თავად ბიზნესისთვის.

ქალების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი ჩართვა სამუშაო პროცესებში შესაძლებელს ხდის მდგრადი განვითარებისა და კორპორატიული პასუხისმგებლობის განხორციელებას. ქალთა უფლებების გაფართოების შვიდ საფეხურიანი პროგრამა ეხმარება კომპანიებს გეგმების რეალიზებაში, ბიზნესისა და საზოგადოების გაჯანსაღებაში და თანასწორობის მიღწევაში.

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ საკონკურსო განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.