დედაქალაქში ბუნებრივ გაზზე მომუშავე მუნიციპალური ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, პირველ ეტაპზე 200 ახალ ავტობუსს შეიძენენ. მათი შემოყვანა დედაქალაქში ზაფხულისთვის იგეგმება.
მერიის ცნობით, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელმაც კვლევა ჩაატარა და დასკვნა წარადგინა, სადაც რეკომენდაციას უწევს CNG ტექნოლოგიაზე (კომპენსირებული ბუნებრივი გაზი) მომუშავე ავტობუსების შემოყვანას.
”EBRD-ის კვლევა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, აღნიშნული ტიპის ავტობუსების უსაფრთხოებას. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსები დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე გაცილებით უსაფრთხოა. გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსები ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, რადგან ბუნებრივი გაზი არ არის ტოქსიკური, კოროზიული ან კანცეროგენური, ასევე, არ აბინძურებს ნიადაგს, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს” – აცხადებენ მერიაში.
ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ EBRD-ის კვლევის მიხედვით, CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსები დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებთან შედარებით ბევრად ეკონომიურია.
რა თანხა დაუჯდება დედაქალაქს ახალი ავტობუსების შეძენა, მერიაში ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ 2016 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში ამ პროექტისთვის თანხა გათვალიწინებულია.