საქართველოში განათლების სისტემის ცვლილების საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობენ. არსებული სისტემა რომ მოძველდა, ამაზე ექსპერტები თანხმდებიან. ცვლილებების საჭიროებას ხედავენ ხელისუფლებაშიც. თუმცა, არა თუ ყოველი ახალი მთავრობა, არამედ ყოველი ახალი მინისტრი პრობლემის გადაჭრის თავისებურ ხედვას გვთავაზობს. განათლების სამინისტროში ახალი მინისტრის მისვლიდან 6 თვეში უწყება განათლების ახალ რეფორმას იწყებს. პირველი გადაწყვეტილებები უკვე ცნობილია და ის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების, როგორც სავალდებულო გამოცდის მოხსნას ითვალისწინებს. მიზეზი მარტივია – სკოლები არა მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მის საგამოცდოდ მომზადებაზე ზრუნავენ. ეს რომ ერთიდაიგივე არ არის, ამაზე საზოგადოების ნაწილი თანხმდება და ამას უკვე მიხვდნენ განათლების სამინისტროში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რით განსხვავდება განათლება და ცოდნის მიღება, რა უნდა იყოს სკოლის მიზანი, რას შეცვლის მხოლოდ გამოცდების გაუქმება და რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.
სკოლის მიზნებზე საკმაოდ საინტერესოდ წერდა კახა ბენდუქიძე:
“დაამთავრო სკოლა, და შეძლო საზოგადოებაში არსებობა, ჩემი აზრით, ნიშნავს:
• გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება.
• გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.
• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.
• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.”
სკოლის მიზანი რომ დაზეპირება და მახსოვრობის ვარჯიში არ არის, ამ აზრს ექსპერტთა დიდი ნაწილი იზიარებს. ტესტები კი არა განათლების ხარისხს, არამედ დამახსოვრებულ ცოდნას ამოწმებს. გამოცდების გაუქმებას საექსპერტო წრეებში მიესალმებიან. როგორც რეზო აფხაზავამ „ფორტუნას“ უთხრა, გამოცდები რაიმე ეფექტის მომტანი არ იყო და მის გაუქმებაზე ისინი დიდი ხანია საუბრობენ. თუმცა, აფხაზავა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას განათლების ხარისხზე გავლენა ვერ ექნება. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განათლებისა და ცოდნის მიღება ერთიდაიგივე არ არის.
ზოგადად გამოცდები ბავშვობიდან მეზიზღება და მგონი არც არავის უყვარს. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს განათლებაზე არსებითი გავლენა არ აქვს. ენერგიის და რესურსის ტყუილად ხარჯვა იყო და მას ჰქონდა ხარვეზები. გადაწყვეტილება ძალიან სწორია, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ცალკე აღებული, მხოლოდ ტვირთის მოხსნა იქნება და განათლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.
არსებითად არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მშობლები ფულს დაზოგავენ
რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს, ის სხვა ტიპის არის და ფუნქციაც განსხვავებული აქვს. ის არის ინსტრუმენტი ინსტიტუტებისთვის, რომ აარჩიონ საუკეთესო ადამიანები, რომლებსაც კარგად სწავლა შეეძლებათ. ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარებით ვამბობდით, რომ ვიპოვიდით ადამიანებს, რომლებიც მერე კარგად ისწავლიდნენ. თუმცა, კვლევებმა გვაჩვენა, რომ ეს ასე არ არის და კორელაცია ამ ორ ფაქტორს შორის არ არსებობს. ამაზე კვლევები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია ჩატარებული და ამ ტესტით, პროგნოზირების შესაძლებლობა, თუ როგორ ისწავლის ბავშვი, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, ქართულის გამოცდით. ასე რომ, ამ გამოცდის მოხსნით, არსებითად არაფერი შეცვლილა არც უკიდურესად უკეთესობისკენ და არც უარესობისკენ. უკეთესობა იქნება მხოლოდ ის, რომ მშობლები დაზოგავენ ფინანსურ რესურსს და არ მოუწევთ მოსწავლეების მომზადება,“ – ამბობს რეზო აფხაზავა.
აღნიშნული გამოცდები რომ არახარჯთეფექტური და ერთგვარი ტვირთი იყო ოჯახებისთვის, ამ აზრს იზიარებს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშიაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯებოდა იმაში, რომ მოსწავლეებს გადაელახათ ბარიერი, რომელიც არ იყო კავშირში განათლებასთან. ამასთან, ჯანაშია მიიჩნევს, რომ ეს იყო შემაფერხებელი ფაქტორი სკოლების განვითარებისთვისაც.
„კარგ სკოლებს ფოკუსს უცვლიდა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად, მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით, რაც გამოცდაზე ბარდებოდა. მარტივი მაგალითი: ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლას ვთავაზობდი მუზეუმებში წავიყვან ბავშვებს და კლუბების დაარსებაში დავეხმარები-თქო და არა, გამოცდებისთვის ემზადებიან და ამისთვის დრო არ აქვთო,“ – აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
გამოცდების მოხსნა წინ გადადგმული ნაბიჯია
თავად განათლების უწყება მიიჩნევს, რომ გამოცდების ფაქტორის გამო სკოლაში ორიენტაცია არა განათლების ხარისხზე, არამედ გამოცდებზე კეთდებოდა და ცვლილებებიც ამ მიმართულებით სწორედ ამიტომ დაიგეგმა. გამოცდების მოხსნა რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, ამაზე ექსპერტებიც თანხმდებიან, თუმცა, მიიჩნევენ, რომ განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად ეს ნაბიჯი არასაკმარისია.
„ის ცვლილებები რაც მოხდა, არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს. საჭიროა განათლების ხარისხის მოთხოვნის ზრდის წახალისება. საჭიროა უფრო დიფერენცირებული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია სკოლებში პროგრამების მრავალფეროვნების წახალისება და ა.შ.“ – მიაჩნია სიმონ ჯანაშიას.
რეზო აფხაზავა კი ამბობს, რომ გამოცდები სახით ბარიერი, რომელიც არა განათლებას, არამედ კონკრეტულ პერიოდში მიღებულ ცოდნას ზომავს, მოხსნილია. თუმცა, მოცემულობა იგივე რჩება, რაც იყო – სკოლა განათლების ხარისხს ვერ უზრუნველყოფს.
“გამოცდისთვის მომზადება და განათლების მიღება, ნამდვილად არ არის ერთიდაიგივე. იმისთვის, რომ განათლება მისცეს სკოლამ, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დაწყებული მასწავლებლის კორპუსის გაძლიერებით, დაფინანსებით, ინფრასტრუქტურის, სწავლების შინაარსის განვითარებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და რაც მთავარია საკვანძო განათლების სისტემაში რჩება მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე, თანამედროვე და პროგრესული,“- ამბობს აფხაზავა.
დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმებიან პარლამენტის განათლების კომიტეტშიც. კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, რომ გადაწყვეტილება ოჯახებს გარკვეულ ტვირთს მოაშორებს, თუმცა, მე-11 და მე-12 კლასელების არათანაბარ პირობებში აყენებს.
„პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სამინისტროში ოროსნები არიან
მე-11 და მე-12 კლასელების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას უკვე აპროტესტებენ ბათუმში. „ძირს უსამართლო სისტემა“, „სამინისტროში ოროსნები არიან“ ამ ლოზუნგებით ბათუმში სხვადასხვა საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საპროტესტო აქცია მართავენ.
მოსწავლეები ამბობენ, რომ თუ სისტემა შეიცვალა, ის მათზეც უნდა გავრცელდეს. მოსწავლეები საატესტატო გამოცდების მოხსნას ითხოვენ და სტუდენტებს მხარდაჭერას სთხოვენ.