LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქვს თუ არა კავშირი ბორჩაშვილს ”ისლამურ სახელმწიფოსთან”?

46

რატომ გადავიდა თურქეთიდან სირიაში დავით ბორჩაშვილი, უცნობია,  ამის შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაპატიმრებული  დავით ბორჩაშვილის ადვოკატმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, განაცაცხადა. გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წელიწადნახევრის წინ, თურქეთში წავიდა, საიდანაც, მოგვიანებით, სირიაში გადავიდა. მისი თქმით, სირიაში წასვლის მიზეზებზე ბორჩაშვილი არ საუბრობს, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იქ საბრძოლველად წასულიყო. ნიკოლაიშვილი აქვე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ნაცნობთან, რომლებიც სირიის თავისუფალ არმიაში იბრძოდნენ. ადვოკატის მტკიცებით, მებრძოლთა აღნიშნულ დაჯგუფებას მხარს უჭერენ დემოკრატიული ქვეყნები, ვინაიდან ის იბრძვის ისლამური სახელმწიფოსა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

რაც ეხება იმას, თუ რატომ გააბრუნეს, თავდაპირველად, საქართველოში შემოსული დავით ბორჩაშვილი თურქეთში, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკან დაბრუნება, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ურჩიეს. კონკრეტულად, ვინ ურჩია ბორჩაშვილს თურქეთში დაბრუნება, ამის შესახებ გელა ნიკოლაიშვილს ინფორმაცია არ აქვს.

”ბორჩაშვილის თქმით, საზღვარზე უთხრეს, რომ ვიცით, სირიაში იყავი და აქ, საქართველოში, პრობლემები შეგექმნება,   ვინ დაიწყებს იმის გარჩევას, სირიის თავისუფალ არმიაში იბრძოდი თუ ისლამური სახელმწიფოს რიგებში. ამიტომ დაპატიმრებას რომ თავი აარიდო, ისევ დაბრუნდი უკან. ასე განუმარტეს, რატომ არ შემოუშვეს პირველად საქართველოში. თუმცა არ ვიცით, კონკრეტულად ვინ უთხრა ეს. ბორჩაშვილისთვის ძნელი იყო გარჩევა, მესაზღვრეს ესაუბრებოდა თუ სამართალდამცავს” – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, დავით ბორჩაშვილის უფლებადამცველები სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ, თუმცა, როგორც გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, სასამართლო  არ დააკმაყოფილებს დაცვის მხარის მოთხოვნას და ბრალდებულს პატიმრობას შეუფარდებს.