LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულაცია, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში შესახლებას კრძალავდა, შესაძლოა, დაბრუნდეს

korpusebii

ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას, -ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის და ელექტროსისტემის გაყვანასა და მის გამართულობასთან იქნება კავშირში.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, სისტემის გამართულობის შესამოწმებლად სპეციალური ორგანოები შეიქმნება.

„მერია სრული მზადყოფნით ჩაერთვება ჩვენთან ბმაში რა თემაც შეიძლება იყოს, იქნება ეს კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების რგოლის გამოყენება უსაფრთხოების მიღწევისას თუ სხვა მიმართულება. მერია სრულად არის მზად. საუბარი იყო იმაზე, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო რეჟიმში შემოვიდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე მაინც დაიწყოს სერვის-პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა თავისი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, ხოლო კომპანიებმა შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება. გარდა ამისა, ასევე საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ სახლში გაზის სისტემის შემოწმება მოახდინოს კვალიფიციურმა კომპანიებმა და ამით უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტს მივაღწიოთ. ასევე, საუბარი გვაქვს და ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებაც გაზის და ელექტროსისტემის გაყვანას და გამართულობას მიებას. ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ მანამ, სანამ სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ეფექტურად და მოკლე დროში წარიმართოს და ცოტა უფრო მაღალი დონე შევთავაზოთ მომხმარებლებს უსაფრთხოების კუთხით,”- განაცხადა ხმალაძემ.