LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის – როგორ მუშაობს ბავშვზე ზრუნვის სისტემა

bavshvebi

ძალიან მძიმე დღეა ჩემთვის, ეს არის ტრაგედია და ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, – ასე იწყებს მედიასთან 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საუბარს სოციალური მომსახურების საგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი. ჟურნალისტების კითხვის პასუხად ამბობს, რომ სოციალური სააგენტო კონკრეტული ბავშვის საქმეს მისი დაბადებიდანვე იცნობს, რადგან ოჯახმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბავშვი მინდობით აზღდაში გაუშვა. იცის 6 იანვრის შემთხვევის შესახებაც, როცა შსს-ში ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია შევიდა. ამავე დღეს ბავშვის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული მოწმეები ოჯახში ძალადობას უარყოფდნენ, ოჯახი კი ბავშვის დაზიანების წარმომავლობის წყაროდ მის ჰიპერქატიურობას ასახელებდნენ, სამართალდამცავებმა საჭიროდ ჩათვალეს და შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, რომლითაც დედას ბავშვთან კონტაქტი აეკრძალა.

 

მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ეს არის, რა გააკეთა სოციალური მომსახურების სააგენტომ იმისთვის, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება ყოფილიყო შესაძლებელი. გამოძიება 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა იყო ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ამის დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული. თუმცა, იქნებოდა ეს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა თუ ფიზიკური ძალადობა, ბავშვთა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს დროული რეაგირება მნიშვნელოვანია. როგორც მარი წერეთელი ამბობს, ამაზე მოკვლევას შიდა აუდიტი ატარებს და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. თუმცა, მომხდარიდან მეორე დღეს, 6 იანვრიდან 21 იანვრამდე პერიოდში განხორციელებულ რეაგირებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს უკვე ბევრი შეკითხვა აქვს, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, ასევე შსს-თან. შეკითხვების ნაწილი კი, არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს ან უწყებებს, არამედ მთლიანად სისტემას ეხება. ბავშვთა უფლებადამცველი ანა არაგანაშვილი მიიჩნევს, რომ ბავშვზე ზრუნვის სისტემა არ მუშაობს.

„პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა სოციალურ სამსახურს, უმცირესი ეჭვის წარმოშობის პირობებშიც კი, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი, გაეყვანა ბავშვი. ის არ უნდა ელოდოს მძიმე წონიანი მტკიცებულებების გამოჩენას.

თუ შემაკავებელი იყო გამოცემული, მისი მთავარი წესია სწორედ ის, რომ მოძალადე უნდა წავიდეს სახლიდან, ეს იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლზე ზრუნვა ოჯახში შესაძლებელია სხვა პირის მიერ განხორციელდეს, სხვა შემთხვევაში მსხვერპლი უნდა გამოიყვანონ.

მეორე კითხვაა – თუ ჩატარდა რისკის შეფასება. ეს თან უნდა ახლდეს შემაკავებელ ორდერს.

მესამე კითხვა – 6 იანვარს ბავშვი დაზიანებების გამო მოხვდა კლინიკაში, ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიება უნდა ყოფილიყო დაწყებული, მაინტერესებს, რატომ არ მოხდა ამაზე ადეკვატური ზომის გატარება, რადგან შემაკავებელი ორდერი მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებაა,“ – აცხადებს ანა არგანაშვილი.

სოციალურ სამსახურთან კითხვები მხოლოდ ბავშვთა უფლებადამცველებს არ აქვთ. ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ამ სფეროში სერიოზული რეფორმის გატარებაა საჭირო.

“თუ სოციალური მომსახურების სფეროში სერიოზული რეფორმა არ გატარდება, თუ ეს სფერო არ გახდება პრიორიტეტული ამ ქვეყანაში, ნელა-ნელა კიდევ უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავს. სამსახურეობრივი გულგრილობა, ნულოვანი მგრძნობელობა, ემპათიის არქონა, არაპროფესიონალიზმი, უპასუხისმგებლობა (სამართლებივად შესაძლოა, დანაშაულიც) – რამდენი რამ ჩანს კიდევ, ერთი ტრაგიკული შემთხვევიდან! მსხვერპლი ისევ ბავშვია! მერამდენე ბავშვს ვგლოვობთ ამ ერთ კვირაში?!”- წერს მაია ცირამუა სოციალურ ქსელში.

ანა არაგანაშვილი კი ამბობს, რომ ყოველ დანაშაულს უნდა მოჰყვეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ სოციალური მუშაკები რესურსების არარსებობის გამო ვერ რეაგირებენ, ასეთ შემთხვევაში, კითხვები მთავრობისკენ უნდა იყოს მიმართული.

გასაგებია, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა რეალურად შესაძლებლობა მყისიერი მოქმედების. თუ მე მაწერია 100 ბავშვის საქმე და აქედან 50 ძალადობის მსხვერპლია, ყველას ხომ მყისიერად ვერ ვნახავ? ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად, მეც და ბავშვსაც უკვე გვწირავს სახელმწიფო. ჩვენ შეიძლება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დავაყენოთ, მაგრამ ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს. მიზეზი არის არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ სისტემური. ხვალ შეიძლება ბავშვი დაიღუპოს, იმიტომ რომ სოც მუშაკმა არ შეამოწმა, რომ ის გაჭირვებულია და ჯართს აბარებს, ვიღაც შეიძლება სკოლაში არ დადის და ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, რადგან არც ის შეამოწმა სოციალურმა მუშაკმა. თუ სისტემური რეაგირება არ გვექნება, პრობლემა არ მოგვარდება.

ჩვენ გვაქვს მიმდინარე დავები სასამართლოში, უამრავი შემთხვევაა, როცა სააგენტო ბავშვს ვერ იცავს. ასე რომ, ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ვერც მთავრობა და ვერც პარლამენტი, რომელიც იმ ბიუჯეტს ამტკიცებს, სადაც წლიდან წლამდე არ იზრდება ბავშვთა დაცვის სისტემის დაფინანსება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფინანსება 2019 წელს 3 მილიარდ 823 მილიონ 28 000 ლარით განისაზღვრა.

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამიდან, ბავშვზე ზრუნვის შემდეგი ქვეპროგრამები მოქმედებს:

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა – 1 800 000 ლარი

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა2 371 200 ლარი

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა – 3 400 000

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 6 258 300

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 450 000 ლარი

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა 9 585 000 ლარი

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა2 691 200  ლარი

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა1 183 400 ლარი

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა252 000 ლარი

მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა255 500 ლარი

ამ პროგრამების გარდა, ბავშვები სარგებლობენ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით. (ამ შემთხვევაში დიფერენცირებული არ არის, დაფინანსების რა ნაწილია მიმართული ბავშვებზე)

სოციალური სააგენტოს მწირ რესურსებზე და ბიუჯეტის გაზრდის საჭიროებაზე არასამთავრობო სექტორის ნაწილი უკვე წლებია საუბრობს, საუბრობს ომბუდსმენიც, მათი კრიტიკის საგანი ხშირად ყოფილა სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა. როგორც „ფორტუნასთვის“ სოციალური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 239 სოციალური მუშაკი და 11 ფსიქოლოგი მუშაობს.

შსს-ის სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს, (აღსანიშნავია, რომ ბავშვი, რომელიც შეესწრო ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტს, ასევე არის ძალადობის მსხვერპლი) ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის – 990, ეკონომიკური ძალადობის – 143, იძულების – 97, ხოლო, უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

სახალხო დამცველმა 2018 წელს 700 საქმე შეისწავლა და მათი უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას, სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა.