LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა ორშაბათიდან განახლდება

f943ee6029a5

გარევაჭრობა მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ ორშაბათამდე შეწყვეტილი იქნება. საპატრიარქოსა, მცხეთის მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის შეთანხმება მოხდა.

უახლოეს დღეებში ადგილზე იმ ახალ სავაჭრო დახლებს აიტანენ, რომელიც მოვაჭრეებს მერიამ დაუმზადა და რომლის დადგმასაც, მცხეთის მერის განცხადებით, ტაძრის წინამძღვარი ეწინააღმდეგებოდა.

არსებული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ახლა მცხეთის მერიაში სწორედ სამინისტროს ნებართვას ელოდებიან, რომ მონასტერთან ახალი დახლები განთავსდეს.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ჯვრის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ ყველა მხრიდან არის მზაობა, რათა გადაიდგას  კონკრეტული ნაბიჯები და მოწესრიგდეს მსგავსი ქაოტური ადგილები.

„როგორც ვიცი ამ მომენტისთვის პრობლემა დროებით გადაჭრილია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები მართლაც განსახორციელებელია. ვფიქრობთ, ასეთი ადგილები უნდა მოწესრიგდეს. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან მუშაობა დაწყებულია უკვე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც მოიცავს თუ როგორ მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ქალაქშიც ბევრ ადგილას გვაქვს ქაოტური ადგილები, რომლებიც სასწრაფო რეჟიმში საჭიროებს მოწესრიგებას. ყველას მზაობაა იმისთვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ადგილები როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის იყოს მოწესრიგებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი ცივილურ გარემოს უნდა პასუხობდეს. ნაბიჯებზე ახლა ვმუშაობთ, რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი სიტუაცია მართლაც არასახარბიელოა, რომელიც იწვევს გაუგებრობას. ძალიან მალე წარმოვადგენთ, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის,” – განაცხადა ბატიაშვილმა.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური და მოუწესრიგებელი გარევაჭრობის მოტივით, ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ქვეყნის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კარი დღეს დილიდან გაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები