LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში ოთარ ჩრდილელი და პეტრე ცისკარიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

143

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ოთარ ჩრდილელსა და პეტრე ცისკარიშვილს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები გახდა, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტით, რომლის ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობაა”, ფინანსურ-ეკონომიკურ საქმეებზე ცალკეული მუხლების გაუქმება და ცალკეულის შემსუბუქებაა გათვალისწინებული.

“9 წლის მანძილზე, სახელმწიფოს ვაშენებდით და ჩაბნელებული, ტოტალური ქაოსიდან განათებული ქვეყანა შევქმენით. ჩვენ 500 მილიონიანი ბიუჯეტი დაგვხვდა, თქვენ კი, 10 მილიარდიანი ბიუჯეტი გაქვთ. როცა ბიზნესის განვითარებაზეა საუბარი, ზოგიერთებმა ბოდიში მოიხადონ. კაცი ზის და ლაპარაკობს, ხალხს ხოცავდითო, როცა ადვოკატებს პოლიციის განყოფილებაში ცემით კლავენ და ტელევიზიის მფლობელებს ხოცავენ, რომ ტელევიზია ხელში ჩაიგდონ. ეს ადამიანები გველაპარაკებიან, ხალხს ხოცავდითო. ეკონომიკაზე ის ხალხი გვესაუბრებით, რომლებსაც 1 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გაქვთ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ჩრდილელმა ცისკარიშვილის პასუხად მისი სოფლის მეურნეობის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა.

“ბადაგონი” თქვენ არ დაღვარეთ?! ბიზნესზე იყო ძალადობა და ეს ჩვენზე კარგად იცით. ჩვენ ვხოცავთ ხალხს?!”, – მიმართა ცისკარიშვილს ჩრდილელმა.

ციკსკარიშვილმა განმარტა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა ფალსიფიკაციამ წალეკა.

“მე მინისტრი ვიყავი, მერე რა არის? რთველს, რომ ვერ ატარებთ, იცით? ზოგიერთები მაღალფარდოვანი სიტყვებით გველაპარაკებიან. ჩვენ გავაჩერეთ ბიზნესი? ჩვენი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტებით თქვენ სარგებლობთ და პრეტენზიები აქეთ გაქვთ. ეს ცინიზმი კი არა, უსინდისობაა”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

დეპუტატების კამათში ბიძინა გუჯაბიძე ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ ტოტალიტარული რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ნახევარ ქვეყანას გაწყვიტავ და წარმატებას მიაღწევ.

“სტალინიც ასე შვებოდა”, – დასძინა გუჯაბიძემ, რომელსაც გიორგი ვაშაძემ სტალინის ისტორიის შეხსენება გოგი თოფაძისთვის ურჩია.

ამასთან, კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები