პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება.
როგორც კობახიძემ განმარტა, ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და საპარლამენტო ფორმატი.
მისივე თქმით, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დიალოგის საფუძველზე შეჯერდებიან.
„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად. რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული, გაიწერება ორ ფორმატში, ერთი ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი, მეორე ფორმატი არის საპარლამენტო ფორმატი. ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით ჩვენ პროცედურასა და კრიტერიუმებზე, ერთადერთი, რასაც ბუნებრივია ალტერნატივა არ აქვს, ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რომელზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“,- განაცხადა კობახიძემ.
იქნება თუ არა ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებს, კობახიძის თქმით, კონსულტაციებით გადაწყდება.
შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იმ პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ, ვინ იქნება წარმოდგენილი ამ სამუშაო ჯგუფში.
ამ ფორმატში ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება, ვინ იქნება პერსონალურად ჩართული ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებმა კობახიძეს ეკა ბესელიას განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ზაფხულში მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა იურიდიული კომიტეტიდან ჩამოსაშორებლად შესთავაზეს.
როგორც კობახიძე ამბობს, ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო. იყო სწორედ ამ საფუძვლით გაკეთებული ეს შეთავაზება, რომელიც უკავშირდებოდა ვიცე-სპიკერის პოზიციის დაკავებას. თუმცა, ბუნებრივია, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მცდელობა კი არ იყო, იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი, ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ ვერიდებით ამაზე საუბარს. ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ“,- განაცხადა კობახიძემ.