ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ემხრობა. კახა კალაძე მზადაა, კონსულტაციებშიც ჩაერთოს.
მისი თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსები ბევრ ევროპულ ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს და მას ბევრი განვითარებული ქვეყანა ებრძვის.
„ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებშიც უკვე დაიწყეს ამაზე მუშაობა იმიტომ, რომ ძალიან ხშირია ე.წ. ფეიკ ნიუსები, რომელსაც ყველა განვითარებული სახელმწიფო ებრძვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობაც თუ აუცილებელი იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომ ცვლილებები განვახორციელოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ცილისწამების წინააღმდეგ კანონის მიღებისთვის მუშაობის დაწყებას აპირებს. დღეს კი კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მკაფიო განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.