- ე.წ. ღორის გრიპთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია “ტამიფლუ”, თუმცა მედიკამენტის ფასი სააფთიაქო ქსელებში საკმაოდ მაღალია. 10 კაფსულის ღირებულება 80-დან 100 ლარამდე მერყეობს. მაშინ, როდესაც მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში მედიკამენტის ღირებულება 5 ევროს არ აღემატება.
“პსპ”-ში 10 კაფსულა “ტამიფლუ“ 81,85 ლარი ღირს, “ავერსში“ მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, „ჯი-პი-სი”-ში – 93,83 ლარი ღირს. ფასებმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ევროპაში მედიკამენტის ფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. გრიპის ვირუსის გავრცელებასთან ერთად, საზოგადიების უკმაყოფილება პირბადეების ნაკლებობამაც გამოიწვია. სააფთიაქო ქსელებში ისინი დეფიციტშია და მისი შეძენა საკმაოდ გართულდა. ამის შესახებაც მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქტიურად წერს. PSP-ს ცხელ ხაზზე დარეკვისას განგვიცხადეს, რომ მხოლოდ რამდენიმე ფილიალში, მათ შორის დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზეა საშუალო რაოდენობის პირბადე, თუმცა ერთჯერადად, მხოლოდ 1 კოლოფის ყიდვაა შესაძლებელი.