გრიპის ვირუსის H1N1- ის ლაბორატორიულად დადასტურებული 162 შემთხვევა და 10 გარდაცვლილი – ეს ის ბოლო მონაცემებია, რომლის შესახებაც დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექოტორის ამირან გამყრელიძისგან გახდა ცნობილი.
მისი განმარტებით, დეკემბერთან შედარებით, რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზებულთა მაჩვენებელი 41%-დან 33 %-მდეა შემცირებული, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია.
რა არის ე.წ. ღორის გრიპი, რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას და როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან – ეს შეკითხვები რადიო „ფორტუნამ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტმენტის პროფესორსა და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტს, კახა ვაჭარაძეს დაუსვა. გთავაზობთ რეკომენდაციებსა და რჩევებს, რომლებიც ამ დაავადებისგან თავის დასაცავად გამოგადგებათ.
როგორია H1N1 ტიპის გრიპის ვირუსის სიმტპომები?
ვირუსული ინფექცია ხშირად მოიხსენება, როგორც გაციება, მაშინ როდესაც ზამთარი იწყება. წელს მოგეხსენებათ დაიწყო უკვე ვირუსული ინფექციის ახალი ტალღა. ძირითადი გამომწვევი აქ არის ე.წ. ღორის გრიპი, H1N1, ამიტომაც დღესდღეობით ჩვენ მეტ-ნაკლებად კარგად ვიცით უკვე ამ დაავადებასთან ბრძოლის ხერხები და საშუალებები. სიმპტომები იწყება ისე, როგორც ნებისმიერი გაციება და ვირუსული ინფექცია, ეს არის საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ხველა, ასევე ცხვირიდან გამონადენი, კონიუნქტივიტი, სუნთქვის გაძნელება, შეიძლება იყოს მსტვინავი ხასიათის სუნთქვაც და უმეტეს შემთხვევაში, ეს არის მაღალი ტემპერატურული რეაქცია.
საზოგადოების რა ნაწილი წარმოადგენს რისკ ჯგუფს და როგორ მიმდინარეობს ის სხვასხვა ასაკობრივ ჯგუფში?
რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო მაღალია რისკი რესპირაციული დაავადებების განვითარების. მოგეხსენებათ, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სისტემა პირობითად გაყოფილია ერთმანეთისგან, ვინაიდან რასაკვირველია, იწყება ზედა სასუნთქი გზების სიმპტომებით, თუმცა ბოლო მონაცემმა და სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენეს, რომ საკმაოდ ხშირია ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებით გართულება. ასეთია მაგალითად, ბრონქიტი, პნევმონია და რაც ყველაზე საშიშია, სუნთქვის ფუნქციის მოშლა, რასაც მძიმე შედეგებამდე მივყავართ, ჰოსპიტალიზაციამდე, შიდა ინტენსიურ თერაპიასა და რეანიმაციაში.
რაც შეეხება ასაკობრივ მიმართულებას, რასაკვირველია, ბავშვებში ეს მიმდინარეობს გაცილებით უფრო მძიმედ, რადგან ამ ასაკში იმუნიტეტი არის ძალიან დაბალი, აქედან გამომდინარე, მაქიმალური ყურადღება სჭირდებათ იმ ოჯახებს, სადაც არიან ჩვილი ბავშვები, ასაკოვნები, სადაც იმუნიტეტი დაქვეითებულია. ასევე, რისკ ჯგუფში არიან მწეველები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებული პაციენტები და ის კონტინგენტი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო იმუნოდეფიციტს განიცდის.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
გამომდინარე დაავადების აგრესიული მიმდინარეობისა, როგორც კი იწყება მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია პირველივე სიმპტომების გამოვლენიდან მიმართონ ოჯახის ექიმს ან რესპირაციულ დარგში მოღვაწე ექიმებს და თერაპევტებს. თუ მდგომარეობა ექიმის მიერ სერიოზულად შეფასდება, პირველ 48 საათში უნდა იყოს დაწყებული ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა, რომლითაც დღეს ძალიან კარგად არის ქვეყანა მომარაგებული.
როგორ უნდა დავიცვათ თავი და რამდენად ეფექტურია ვაქცინაცია?
თავდაცვა – უპირველეს ყოვლისა ეს არის გეგმიური ვაქციანცია. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს და საქართველოშიც მიღებულია კანონმდებლობა ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. 100% ბუნებაში არაფერი არსებეობს, მაგრამ ვაქცინაცია ხელს უწყობს, რომ მსუბუქად გადავიტანოთ ვირუსული ინფექიცები. ასე რომ, მე არ მინდა შევქმნა ილუზია საზოგადოებაში, რომ იძახონ – ვაქციანცია მქონდა გაკეთებული და მაინც შემხვდა ვირუსული ინფექცია. ეს ბუნებრივია, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო დაცულები არიან, ვიდრე ის პაციენტები, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს. ასევე, თავდაცვის ერთ-ერთი წესი ჯანსაღი ცხოვრების წესია.
ღორის გრიპის ვირუსით სიკვდილიანობის ზრდის გამო, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს ინფექცია გამოაცხადა გლობალურ პანდემიად. აქედან გამომდინარე, ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ ის რჩევები, რაც ხელს შეუშლის ღორის გრიპს გავრცელებაში.
რჩევები, როგორ შევაჩეროთ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელება:
- დაიბანეთ ხელები საპნით დღეში რამდენჯერმე;
- თან იქონიეთ სპირტის ბაზაზე დამზადებული სველი ხელსახოცი მოგზაურობისას;
- ეცადეთ იშვიათად შეეხოთ ხელით თქვენს თვალებს, ცხვირსა და პირს;
- ერიდეთ ყველა იმ ადამიანთან კონტაქტს, რომელსაც აქვს გრიპი;
- გამოიძინეთ კარგად, რათა ორგანიზმმა სრულყოფილად დაისვენოს;
- მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე (წყალი, ნატურალური წვენი და ფრეში);
- მიიფარეთ ცხვირსახოცი (ან მოხრილი ხელი) როდესაც ახველებთ ან აცემინებთ;
- შინიდან გასვლის დროს გამოიყენეთ ნიღაბი, გრიპის სეზონზე;
- როდესაც თქვენ ერთხელ გამოიყენებთ ხელსახოცს/ცხვირსახოცს, გადააგდეთ ის და აღარ გამოიყენოთ ხელმეორედ;
- თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ღორის გრიპის ნიშნები, დარჩით სახლში/ეწვიეთ ექიმს და ნუ წახვალთ სამსახურში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი;
- გრიპის სეზონზე უფრო მეტი რაოდენობით მიიღეთ ის პროდუქტები, რომელიც აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას: ნიორი, ჯინჯერი, ალოე ვერა და ა.შ;
- იყავით აქტიურები და ივარჯიშეთ ყოველდღიურად, რათა იყოთ ჯანმრთელი და ძლიერი.
გრიპის ვირუსით გამოწვეული შემთხვევვები მედიკოსების თქმით, ორ ნაწილად, მსუბუქ და გართულებულ შემთხვევებად უნდა დავყოთ. ერთი ჯგუფია მსუბუქი შემთხვევები, რომლებიც სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას არ მოითხოვს, მეორე – გართულებული შემთხვევები. მსუბუქი შემთხვევებიც მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ინტოქსიკაციაც ამ დროს საკმაოდ ძლიერია, თუმცა სუნთქვის პრობლემები ნაკლებად არის გამოხატული. ამ დროს რეკომენდებულია, დაავადებულმა დაიცვას წოლითი რეჟიმი, დარჩეს შინ, მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ჩვენებისამებრ – სიცხის დამწევები. რაც შეეხება ორსულებს, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან ორსული – ეს გრიპის რისკჯგუფში შემავალი ადამიანია. გრიპის მძიმე შემთხვევების დროს რეკომენდებულია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება. ამ სახის ორი პრეპარატი არსებობს – “ოსელტამივირი”, ანუ “ტამიფლუ” და “ზანამივირი”, ანუ “რელენზა”. ეს უკანასკნელი რეკომენდებულია ორსულებისთვის, ხოლო “ტამიფლუ” – ორსულებისთვისაც და სხვებისთვისაც. ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით თვითმკურნალობა კი, კატეგორიულად მიუღებელია.
ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ კი, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პე“, „ავერსი“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაყიდვაში ჩაეშვა. ამავე აფთიაქების ქსელებში კი, წამალი რეგიონებშიც გადანაწილდა. რაც შეეხება იმას, თუ თბილისის კონკრეტულად რომელ ფილიალში გაიყიდება “ტამიფლუ”, ამის გასარკვევად მოქალაქეებმა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე (1505) ან შესაბამისი აფთიაქის ცხელ ხაზე უნდა დარეკონ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, „ტამიფლუს“ უფასოდ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები მიიღებენ.
ნინი ჩუბინიძე