LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

alilo

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში ტრადიციული ალილოს მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, პუშკინის ქუჩას, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩებს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აკრძალული იქნება. მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც თავს მოიყრის მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი, რომელიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.

ალილოს მონაწილეები გზაზე ძღვენს შეაგროვებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებებიან.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებიც. მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.

“მერიის სახელით მინდა თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო. მინდა, რომ დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს მათ და ვიმედოვნებ, რომ ეს წელიწადი იქნება სიკეთის მომტანი, ყველასთვის სასიკეთო და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ წარმატებაზე, მეტ სიკეთეზე ვილაპარაკებთ. ისე როგორც თითოეული მოქალაქე, ამ ღონისძიებაში ჩვენც ვართ ჩართული. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ავტობუსებით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ ღონისძიების ორგანიზებაში,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის გარდა, ალილო საქართველოს რეგიონებშიც ეწყობა.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები