მედიაექსპერტ ნინო დანელიას „რუსთავი 2“-ზე გუშინდელი გამოსვლის შემდეგ „იმედის“ ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ მას „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი სიტყვები დაუწერა: „ნინო, პრემიერის განცხადება „რუსთავი 2“-ის თემაზე არ უნდა გაეშვა „ქრონიკას“? რა პროფესიის ხარ? დიდი ბოდიში, მაგრამ მართლა მაინტერესებს“.
დიანას ამ მინაწერს ნინო დანელიას კედელზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხარე პოლემიკაში ჩაერთვნენ ნიკა გვარამია და ნინია კაკაბაძე. ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ „იმედი“ სამთავრობო ტელევიზიაა, რაზეც დიანა ტრაპაიძემ უპასუხა: „კაი, ნიკა, შენ იყავი თავისუფალი სიტყვა და მე ვიქნები მთავრობა“. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ეს შეთავაზება მოეწონა და დათანხმდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დიანა მაინც ძალიან უყვარს.
„იმედის“ ჟურნალისტის პოსტს, რა თქმა უნდა, ადრესატიც გამოეხმაურა: „დიანა, მარტო სახელისუფლებო წყაროების თემაა „რუსთავი 2“? არ იცი, რომ პოლიტიკური ოპოზიციაც უნდა გყავდეს, როცა ხელისუფლებას ალაპარაკებ, ტექნიკური ბალანსისთვის მაინც? ეს არ არის პირველი შემთხვევა, საუბედუროდ. ჩემი პროფესიის დამადასტურებელი საბუთი გინდა? სხვათა შორის, უნივერსიტეტის ბლანკზეა, რომელსაც ბეჭედი აქვს და რექტორი აწერს ხელს“ – აღნიშნავს ნინო დანელია.