LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონი“ ტურიზმის ინდუსტრიაში აქტიურ ოპერირებას იწყებს

26992090_1781618161869345_8603349421821542327_n

ღვინის კომპანია „ბადაგონი“ ალავერდის ეპარქიასთან ერთად, 28  დეკემბერს, 18:00 საათზე გამართავს ახალი ბრენდის BADAGONI HOME-ის უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას სასტუმროში Courtyard Marriott. უშუალოდ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება ამავე ბრენდის პირველი სივრცის – სასტუმროს, ღვინის რესტორნისა და ღვინის მაღაზიის გახსნის გრანდიოზული ცერემონია თავისუფლების მოედნის #4-ში.

კომპანია „ბადაგონი“ აქტიურ ოპერირებას იწყებს ტურიზმის ინდუსტრიაში. პრეზენტაციაზე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს პროექტებს გააცნობენ. ბრენდი BADAGONI HOME თავის თავში აერთიანებს  სასტუმროების, რესტორნების, ღვინის მაღაზიების, დასასვენებელი კომპლექსების, ისტორიული მნიშვნელობის ტურისტული ცენტრების, მუზეუმების, ისტორიული მარნების აღდგენას, შექმნას და მართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალავერდის ეპარქიასთან თანამშრომლობით BADAGONI HOME-ის პროექტები მასშტაბისა და შინაარსის გამო სცდება ბიზნესის ფარგლებს და ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობას ატარებს.

უმსხვილესი პროექტის სახელწოდება გახლავთ „ორი დედაქალაქის ისტორია – ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“,რომელიც არის ერთობლივი მუშაობის მამოძრავებელი ძალა და იდეა, რომლის თანახმადაც ორი დედაქალაქი – თბილისი და მცხეთა ერთმანეთს უკავშირდება კულტურულ-ისტორიულ-ტურისტულ ჭრილში და რაც მთავარია ეს ყველაფერი ალავერდის გავლით, საშუალებით მოხდება – რაც გახლავთ ამ პროექტის ქვაკუთხედი, ოქროს კვეთა. პროექტი თავის თავში გულისხმობს ვიზიტორთათვის ძალზე საინტერესო, უპრეცედენტო მარშრუტის შეთავაზებას მაღალი დონის ინფრასტრუქტურით: ალავერდის მონასტრის მიმდებარედ საკმაოდ დიდი ტურისტული კომპლექსის გაშენებას, რომელიც მოიცავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, პილიგრიმთა სასტუმროს, სამ ისტორიულ უნიკალურ ღვინის მარანს, 260 ჰექტარზე გადაჭიმული ტყის გააქტიურებას, ღვინის რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებს, სიძველეთსაცავს და ასე შემდეგ.

პრეზენტაციაზე ასევე მეორე ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას ექნება ადგილი. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და „ბადაგონის” დამფუძნებელი გიორგი სალაყაია ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ბიზნესპალატა BADAGONI HOME-ს მართვაში გადასცემს სასტუმროების კონკრეტულ ჩამონათვალს როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქის ფარგლებს გარეთ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან მინისტრები, საქართველოს მთავრობის,საპატრიარქოს და ტურიზმის ადმინისტრაციისწარმომადგენლები, ოფიციალური პირები და სტუმრები ისრაელიდან, იტალიიდან ენოლოგთა დიდი ჯგუფი, ცნობილი მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების წარმომადგენლები, კომპანია „ბადაგონის“ უცხოელი პარტნიორები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

პროექტების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ 20:00 საათზე დაგეგმილია საქართველოში უპრეცედენტო გრანდიოზული მულტიმედია შოუ-პროგრამა თავისუფლების მოედნის 4 ნომერში. გრანდიოზული შოუ მოიცავს BADAGONI HOME-ის შენობის ვიზუალურ პროექციას, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდება და მისი ხილვა ნებისმიერი მსურველისათვის იქნება შესაძლებელი პუშკინის სკვერიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები