LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრის მტკიცებით, სესხების განულების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

ივანე-მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სესხების განულების პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება.

მისივე თქმით, ინიციატივა 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, დავალიანების საერთო თანხა კი, 4 მილიარდ ლარს აჭარბებს.

„ბოლო პერიოდში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ვალების ჩამოწერის პროექტზე. ზოგიერთმა მოქალაქემ გულისწყრომა გამოთქვა. მეც ვიღებდი ინფორმაციას, რომ ზოგმა საკუთარი თავი ვერ იპოვა, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მინდა გითხრათ, პროექტი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, პრაქტიკულად, 4 მილიარდამდეა უკვე ჯამური თანხა, რაც ჩამოიწერება. მთლიანად 1 მილიონ 300 ათასზე მეტი სესხია,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, რჩება პრობლემური სესხის მქონე ადამიანთა რაოდენობა, რადგან პრობლემური პორტფელი ზოგმა საფინანსო კომპანიამ რიგი მიზეზების გამო არ გაასხვისა.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩემი ინფორმაციით, „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა. იმედს ვიტოვებ, დარჩენილი კომპანიები შეთანხმდებიან „ქართუსთან“ და ფიზიკური პირების რიცხვი, რომელიც ახლა 600 ათასზე მეტია, გაიზრდება. ძალიან წარმატებული პროექტია და მინდა ,მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს. იმედია, სამომავლოდ მსგავსი რამ აღარ დაგვჭირდება,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მოქალაქეებს პრობლემური სესხების ჩამოწერის შესახებ ინფორმაციის მიღება და საკუთარი მონაცემების გადამოწმება სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები