LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთი და რუსეთი საფრანგეთში მიდიან: უნგრეთი?

59

დღეს საღამოს ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო თამაშები ჩატარდება, რაც მართალია ყველას და ყველაფერს ვერ გაარკვევს, მაგრამ ფინიშის სწორზე გაიყვანს საფრანგეთის საგზურის მაძიებლებს. გუშინ კიდევ სამ ჯგუფში დასრულდა საკვალიფიკაციო თამაშები და აი ასეთი შედეგები დაფიქსირდა.

 
C ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა. სლოვაკეთმა სტუმრად ლუქსემბურგი დაამარცხა 4:2 (გოლები: ჰამშიკის დუბლი, ნემეცი, მაკი), 22 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
სლოვაკებს ხელი შეუწყო ესპანეთმა, რომელმაც სტუმრად უკრაინს მოუგო 1:0 (მარიო გასპარის გოლი) და ჩვენი მეგობარი ქვეყანა 19 ქულით მესამე ადგილზე დატოვა.
ბელარუსი-მაკედონია 0:0 დასრულდა.

 
E ჯგუფში მოულოდნელობა არ მომხდარა. ყველა ფავორიტმა და სხვათა შორის, ყველა სტუმარმა მოიგო. თან ისე, რომ მასპინძლებს გოლი არ გაატანინეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ინგლისმა ფენომენალურად განვლო შესარჩევი ეტაპი, ათიდან ათივე მატჩი მოიგო. წუხელ 3:0 მოუგო ლიტვას (ბარკლი, ოქსლეი-ჩემბერლენი, არლაუსკასი-საკ. კარში) და 30 ქულა დააგროვა.
მეორე ადგილოსანმა შვეიცარიამ 1:0 აჯობა ესტონეთს, ეს გოლი ბოლო წუთზე კლავანმა საკუთარ კარში შეაგდო, შვეიცარიას 21 ქულა აქვს.

 
სლოვენიამ 2:0 მოუგო სან-მარინოს და 16 ქულით საპლეიოფო მესამეზე გავიდა.
G ჯგუფში შვედებისთვის პატარა სასწაული არ მოხდა, რუსეთმა საშინაო მატჩი მოუგო მონტენეგროს – 2:0 (კუზმინი, კოკორინი), 20 ქულა დააგროვა და საფრანგეთისთვის მოემზადება.
შვედებმაც 2:0 მოიგეს მოლდოვასთან (იბრაჰიმოვიჩი, ზენგინი), თუმცა ეს მხოლოდ მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი (18 ქულა).
შესანიშნავმა ავსტრიამ მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ტურნირი, 3:0 მოუგო ლიხტენშტეინს (არნაუტოვიჩი, იანკოს დუბლი) და 28 ქულით (9 მოგება და 1 ფრე) იდეალური შედეგი აჩვენა.

 

დღეს კიდევ ორი ჯგუფის დასკვნითი მატჩებია.

 
როგორც მოგეხსენებათ, ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ მოხვდება დასკვნით ეტაპზე. ამ წუთისთვის ასეთი უნგრეთია, რომლის გადასწრების შანსი მხოლოდ თურქეთს აქვს. ერთის მხრივ დღეს თურქეთმა უნდა მოუგოს ისლანდიას, პარალელურად კი ყაზახეთმა უნდა აჯობოს სტუმრად ლატვიას და ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავოს. მესამეადგილოსანს ქულები ეთვლება ჯგუფში პირველ, მეორე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგით. მოკლედ, უნგრელები ერთი ხელის გაწვდენაზე არიან საფრანგეთამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები