საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ფავორიტად შერაცხულმა ბორჯღალოსნებმა ნამიბიას მინიმალური სხვაობით მოუგეს – 17:16 და ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, რაც საშუალებას იძლევა მომდევნო მსოფლიო პირველობაზე, რომელიც 4 წელიწადში იაპონიაში გაიმართება, ყოველგვარი შესარჩევი ეტაპის გარეშე მოვხვდეთ.
ეს რომ არ გამოგვივიდეს ამისათვის საჭიროა ტონგამ თვით ახალი ზელანდია დაამარცხოს და გადაგვასწროს, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ პირველად შეძლო მსოფლიოს თასზე ორი მატჩის მოგება.
რაც შეეხება უშუალოდ ნამიბიასთან თამაშს, მიუხედადვად იმისა, რომ მთელი პირველი ტაიმი (ცხრა წუთი გადაცდა) ჩვენების უპირატესობით წარიმართა და ქართველებმა დრო შეტევებში გალიეს, ტაიმი მეტოქის გამარჯვებით 6:0 დასრულდა. მეტიც, მსაჯებმა ლელოც არ ჩაგვითვალეს. ჩვენებს ცოტა დაძაბულობა ეტყობოდათ, თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ქართველები ბოლოს და ბოლოს საკუთარ ანგარიშს გახსნიდნენ.
ასეც მოხდა. მეორე ნახევარში ჯერ მამუკა გორგოძემ დადო ლელო და მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა, რითაც დავწინაურდით – 7:6, მერე ლაშა მალაღურაძემ გაიტანა ლელო და კვირიკაშვილმა ისიც გარდასახა – 14:6. ცოტა ხანში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა – 17:6. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა ტონგასთან მატჩის არ იყოს, ჩვენებმა მატჩის მიწურულს აქაც გვანერვიულეს.
ნამიბიელებმა ჯერ საჯარიმო გაგვიტანეს, თამაშის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე კი ლელო დაგვიდეს, გარდასახეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 17:16.
საქართველომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
საქართველო (15-9): კვირიკაშვილი (წიკლაური, 76), მჭედლიძე (აფციაური, 43), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, მალაღურაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე, 68).
(1-8) ნარიაშვილი (ასეიშვილი, 35), ბრეგვაძე (მამუკაშვილი, 60), ზირაქაშვილი, მიქაუტაძე (დათუნაშვილი, 55), ნემსაძე, თხილაიშვილი, კოლელიშვილი (ლომიძე, 41), გორგოძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯისთვის და ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბისთვის, დავით ზირაქაშვილისთვის ეს მატჩი ბოლო იყო სანაკრებო კარიერაში.
საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ბორჯღალოსნების გამოსვლა მსოფლიო თასზე დადებითად უნდა შეფასდეს: მოსაგები მოვიგეთ, განსაკუთრებით ოლ ბლექსს კარგად დავუდექით, ორი მატჩიც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ, სარაგბო ოჯახის პატივისცემა კიდევ უფრო გავიმყარეთ და კიდევ ერთხელ გავხადეთ სალაპარაკო, რომ დიდი სარაგბო ოჯახი უნდა გაიზარდოს – საქართველოს ადგილი დიდებშია!