სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ვითარება დაიძაბა. ერთმანეთს სიტყვიერად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატების ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერებს დელეგატების გარკვეული ნაწილი ორ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი. აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა ერთ-ერთი დელეგატი გიორგი ხაჩიძე, რომელიც რევაზ არველაძის მხარდაჭერია. მან სიცრუეში დააადანაშაულა კობიაშვილი, რასაც ლევან კობიაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერის აღშფოთება მოყვა და ხაჩიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.