“ადრეც ვთვი, რომ შეცდომად ვთვლი გაერთიანებული ოპოზიციის სტრატეგიას, რომელიც არჩევნების შედეგების არცნობას და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ემყარება. ამით არავითარი პრაქტიკული შედეგი არ მიიღწევა, მაგრამ ეს არანაირად არ ამცირებს ოპოზიციის უფლებას, გააპროტესტოს მართლაც ძალიან ცუდი არჩევნები, მათ შორის ქუჩის აქციებით.”- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ინაუგურაციის დღეს, ხელისუფლება ოპოზიციის აქციის გამო შეშინებული ჩანდა, ხოლო ინაუგურაციაზე სტუმრების შემადგენლობით გამოჩნდა, რა საერთაშორისო რეპუტაცია აქვს ქვეყანას არჩევნების შემდეგ.
“ვინც რას გინდა ფიქრობდეს ოპოზიციაზე, ხელისუფლების გუშინდელ ქმედებებს გამართლება არა აქვს. აქ მარტო გზების ჩახერგვაზე არაა ლაპარაკი. ხელისუფლება ჩანდა პატარა და შეშინებული. ის ასეთი არ უნდა ჩანდეს.
სტუმრების შემადგენლობა თავისთავად აჩვენებდა, რომ ეს არჩევნები საკმაოდ ძვირი დაუჯდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის მხრივ.
პრეზიდენტის ჩაცმულობა დადებით შეფასებას იმსახურებს; საინაუგურაციო სიტყვა არ ბრწყინავდა, მაგრამ ზოგადად არაუშავდა ერთი-ორი უცნაურობის გარდა (მაინდამაინც სოფელში რომ აბრუნებს ემიგრაციას – ვერ გავცდით ამ კიჩურ ფსევდოპატრიოტულ პასტორალს). მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ზემოთქმულთან შედარებით?”- წერს გია ნოდია.