LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა – NDI

ndi_0

საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა; წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო, ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ეხება.

“წინასწარი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის – “ძალა ერთობაშია” – კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 40.46 პროცენტი მიიღო. ამ შედეგების სიზუსტეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც ადასტურებს,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დელეგაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

“ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევები გულდასმით და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ. ამომრჩევლების ნდობის მოპოვებისა და დემოკრატიულ პროცესებისადმი რწმენის განმტკიცებისთვის პარტიებმა კონსტრუქციული და საკითხებზე ორიენტირებული პლატფორმები უნდა შეიმუშავონ;

პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, პოლარიზაციასა და უნდობლობის საპასუხოდ მთავრობამ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს, სადაც სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი და შეთანხმება მოხდება;

საერთაშორისო დონორებმა რეგიონული მედიისა და დამოუკიდებელი მაუწყებლების მხარდაჭერის გაზრდა უნდა განიხილონ;

პარლამენტმა უნდა გააძლიეროს მამხილებლების დაცულობა, რათა შევიწროების მსხვერპლნი ღიად საუბრისკენ წაახალისოს.

პარლამენტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით საკმარისი ფინანსური რესურსი უნდა გამოუყოს,” – ნათქვამია ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები