„ვიზიტორის“ სტუმარი მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი იყო. საუბარი მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის გარშემო წარიმართა.
– ანდრია, სხვადასხვა პროექტებში იღებდი მონაწილეობას. საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავ კვლავ ბედის ცდას? როგორც ვიცი, უკრაინულ „იქს ფაქტორში“ მონაწილეობდი…
– დიახ, მაგრამ მსგავსი ტიპის კონკურსებში აღარ ვაპირებ, მაგრამ არის ფესტივალები, რომელში მონაწილეობას სიამოვნებით ვაპირებ. ამ ზაფხულს, აგვისტოში, „ბლექ სი არენაზე“ „ჩხიკვთა ქორწილის“ ახალ დადგმაში ჩხიკვი ზაქარს როლს ვასრულებ. რაღაცნაირად, საესტრადო მიუზიკლსაც გამოვცდი. რამოდენიმე წელია მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. დაწერილი მაქვს მესამე სიმღერა „კუნძული“, კლიპიც მზად მაქვს, რომელიც მალდივებზე გადავიღე. დაახლოებით ათ დღეში ყველაფერი მზად იქნება.
– შენი სიმღერა მონაწილეობს „ოქროს ტალღაზე“…
– კი და ძალიან მომწონს ეს ღონისძიება. ეს არის სტიმული, რომ მომღერალმა თავისი საქმე აკეთოს. მომავალ წელს უფრო მეტი ენთუზიაზმით განვეწყობი „ოქროს ტალღის“ მიმართ. გამარჯვებას არ გამოვრიცხავ, თუმცა არ მაქვს ამბიცია მთავარ პრიზზე. „ჩემმა გოგონამ“ უკვე დაიმსახურა მთავარი ჯილდო – ხალხის სიყვარული.
– მეუღლე თუ გეხმარება შენს საქმიანობაში?
– რა თქმა უნდა, ყველაფერში მეხმარება, რადგან უკვე რამდენიმე წელია ჩემი მუზაა. წლის ბოლომდე თუ არა, 2019-ში აუცილებლად გამოვუშვებ ალბომს და მასში შემავალი უმეტესი სიმღერის შთაგონების წყარო სწორედ მაიკოა. დიდი მოტივატორია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათაშორის, ახალი სიმღერის ტექსტის დაწერაშიც დიდი მონაწილეობა მიიღო. ერთმანეის დიდი მოტივაცია ვართ ორივე.
– რომანტიკოსი ხარ?
– კი, ძალიან ბევრი ბუნება მაქვს და ეს მსახიობობაშიც მეხმარება. ვცდილობ, ყოველთვის წინა პლანზე იყოს კარგი ხასიათები (იცინის).
– ამბობენ, რომ ერთი პროფესიის ადამიანები ერთ ოჯახში ვერ თავდებიან. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– ვერ დაგეთანხმები. ჩემი მეუღლეც მსახიობი რომ არ იყოს, ჩემს რეჟიმს ვერ გაუძლებდა და ვერც გაუგებდა. ვკითხავდი, როგორ მიძლებს. ორივე სასტუმროსავით ვართ სახლში. ძალიან რთული პროფესიაა და მიხარია, რომ შემოქმედებით პროცესშიც ერთად ვართ.
– ტელეწამყვანობაზე არასოდეს გიფიქრია?
– მქონდა ამისი შანსიც, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გავრისკავ. წამყვანობა ალბათ გამომივა კარგად, რადგან ხშირად წამიყვანია ესა თუ ის საღამოები, კონცერტები და არა მგონია, არ გამომივიდეს. მოკლედ, გააჩნია დროს, რომლის ნაკლებობასაც მუდმივად განვიცდი.
– რამდენიმე ფილმშიც გაქვს მონაწილეობა მიღებული…
– სამწუხაროდ, სრულმეტრაჟიან ფილმში ჯერ არ მქონია მიწვევა, მხოლოდ მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და სერიალებში. იმედი მაქვს, სრულმეტრაჟიანი ფილმებიდანაც იქნება შეთავაზებები. ჩემთვის ყველაზე მეტად ის მსახიობები არიან დასაფასებლები, ვინც თეატრში და კინოშიც უმაღლეს კლასს აჩვენებენ.
– მთა თუ ზღვა?
– არ ვიცი. ბოლო დროს სვანეთი ამოვიჩემე, ჩემი უახლესი სიყვარულია. ზღვაც ძალიან მიყვარს და მთაც და ვცდილობ, ზაფხულში ორივეგან წავიდე.
– კულინარია თუ გიტაცებს?
– არა (იცინის). ვერანაირად ვერ ვერევი ამ საქმეში, თან მაიკო იმდენად მაგარია სამზარეულოში, რომ სრულიად უმოქმედო ვარ. თუმცა მომწონს და ვეცდები, ვისწავლო. ამ ეტაპზე ჩაის გაკეთება და კვერცხის შეწვა არის მაქსიმუმი (იცინის).
– რა გაღიზიანებს ქართულ ტრადიციებში?
– ყოველგვარი დაძალების წინააღმდეგი ვარ, რასაც ქართულ სუფრაზე ხშირად აქვს ადგილი. ეს არც არის ტრადიცია, დამახინჯებული ჩვეულებაა. ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში სილაღე და თავისუფლება.
– დღეს იუბილარი ხარ და გილოცავ. რომელიმე დაბადების დღე თუ გახსენდება გამორჩეულად?
– ყველა დაბადების დღე გამორჩეული, რაც მაიკო არსებობს ჩემს ცხოვრებაში, ასევე ჩემი მეგობრები. კიდევ ერთი იუბილე მახსენდება, როცა დამავიწყდა, რომ დაბადების დღე მქონდა. ახლობელი მყავდა ცუდად, დღე და ღამე ქუჩაში დგომა და მისთვის ფულის აკრეფა მიწევდა. როდესაც მეგობრებმა მომილოცეს, მაშინ გამახსენდა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო.
– სიურპრიზები თუ გიყვარს?
– კი, რა თქმა უნდა. კი ვამბობ ხოლმე, რომ არ იყო საჭირო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მიხარია.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი