LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისელი გოგონას ინოვაციური გამოგონება უსინათლოებისთვის

gvanca

გვანცა მაჩიტაძე ახალგაზრდა გამომგონებელია. 13 წლის მოზარდი ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს და პატარა ასაკიდან გამომგონებლობითაა დაინტერესებული.

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ და მისმა მეწყვილემ – ნატა სულაქველიძემ, ლეონარდო და ვინჩის კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ პროექტი “მაკორექტირებელი სენსორული სისტემა” წარადგინეს და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ.

პროექტი უსინათლოებს და არა მარტო მათ, ეხმარებათ თავი აარიდონ სხვადასხვა წინაღობას და სხვადასხვა დაბრკოლებები სხვისი დახმარების გარეშე, ინოვაციური გამოგონების მეშვეობით გადალახონ. გოგონებმა მესამე ადგილი და ფულადი პრემიაც მოიპოვეს.

 „ამ კონკურსმა ბევრი რამ შემძინა. ძალიან დიდი სიხარულია, როცა შენი გამოგონებით სხვას უადვილებ ცხოვრებას. გარდა ამისა, დიდი გამოცდილებაც მივიღე. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პედაგოგს, არჩილ გეგუჩაძეს და პარტნიორს, ნატა სულაქველიძეს,“ – ამბობს ნიჭიერი მოსწავლე.

გვანცა გასულ წელს STEM ფესტივალზეც მონაწილეობდა, სადაც მას მისი პროექტის მენტორი არჩილ გაგუჩაძე ეხმარებოდა. გამოგონებამ “სამაშველო ზურგსაკიდი სტიქიით დაზარალებულთა გადასაყვანად” დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გარდა მეცნიერებისა, გვანცა ხელოვნებითაცაა დაინტერესებული. ის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის სკოლის ბენდში მღერის. ბენდმა „ინსპირაცია“ უკვე სხვადასხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა და გვანცაც ბენდის ერთ-ერთი წარმატებული ვოკალისტია. გოგონა პარარელელურად, “საჯარო გამოსვლები და დებატები”-ს აქტიური მონაწილეცაა და ცდილობს, დრო სწავლასთან ერთად, სხვადასხვა პროექტებსაც დაუთმოს.

ამ ეტაპზე ახალგაზრდა გამომგონებელს რამდენიმე გამოგონებისა და პროექტის იდეა აქვს და მენტორებთან ერთად, მომავალი კონკურსებისთვის ემზადება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები