პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც მაჩალიკაშვილი პანკისელებს საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს
ხანგოშვილი ამბობს, რომ ეს მოწოდება მისთვის მიუღებელია და პირადად ის, ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი, მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
“ხალხი ბრძენია და თვითონ გაარჩევს, ვის დაუჭიროს მხარი. პირადად ჩემთვის მიუღებელია ამ ქალის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს კამპანია. მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ალექსანდრე კარგარეთელთან, ელიზბარ მაყაშვილთან. ადამიანებთან, რომლებიც ქისტების უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ბევრი ქისტი ამ ჯგუფიდან შეეწირა კიდეც ბრძოლას. ამიტომაც მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს. მიმაჩნია, რომ კანდიდატებს შორის ის ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. შეუძლია სწორედ წარმართოს საგარეო პოლიტიკა, ამასთან ერთად, არის კარგი დიპლომატი და შესაფერისი გამოცდილებაც გააჩნია“, – აცხადებს ხასო ხანგოშვილი.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.
„შევარდნაძის პერიოდში რვა ახალგაზრდა მოგვიკლეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები. სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს – შვიდი ლოპოტას ხეობაში და ორიც მანამდე ცოცხლად გამოწვეს სახლში. ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს. ასე რომ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის. როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვამრთებს ვითარების შეფასება. ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა” – ამბობს ხასო ხანგოშვილი.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ის “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს. ამის შესახებ მან პანკისელების მიმართ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომელიც Facebook-ზე გამოაქვეყნა – ნათქვამია, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, – წერს მაჩალიკაშვილი.