LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომის რეაბილიტაცია დასრულდა

133

ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო არეალში 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.

„წლის ბოლოსთვის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება, რომლის შემდეგაც, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. ეს არის ჩვენი ქალაქის სილამაზე, რომელსაც მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 20-მდე მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს, რომელთაგან ორი – ათონელის N9-N11-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ასევე, რიგ მისამართებზე დასრულებულია  დეკორატიული ელემენტებისა და ლითონის მოაჯირების აღდგენა-რესტავრაცია.

თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

2017 წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრულად განახლდა,  სამუშაოების ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.

ორბელიანის მოედანზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.