მადრიდის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ისტორიაში პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ბრუნეტეს მუნიციპალიტეტმა სწორედ ამის აღსანიშნავად მიაგო პატივი შერაზადიშვილს.
წარმოშობით ქართველი ჩემპიონი ბაქოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე გახდა.
ქალაქის მერმა, ბორხა გუტიერესმა ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ბრუნეტე ამ ქმედებით ნიკოლოზს მიაგებს პატივს. ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ იზრდებოდა ის კინო რუიზის დოჯოში და როგორ ჩამოყალიბდა დიდებულ სპორტსმენად. ნიკოლოზი სამაგალითოა ყველა ბრუნეტელისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
აღსანიშნავია, რომ იმავე ქალაქში უკვე არსებობს ნიკოს მწვრთნელის, კინო რუისის სახელობის ქუჩა. რუისი, თავის დროზე, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერხლის პრიზიორი გახდა და იმ დროს ესპანეთისთვის ესეც პირველი მსგავსი წარმატება იყო.
საინტერესოა, რომ ქუჩის სახელის აღმნიშვნელ დაფაზე შერაზადიშვილის გვარი შემოკლებულია და „ნიკო შერას ქუჩა“ წერია.