LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უნდა ნახოთ: ზაზას 2 ქულა და კარის დაუჯერებელი ჩაგდება (ვიდეო)

63

ზაზა ფაჩულიამ ახალი გუნდის – „დეტროიტის“ შემადგენლობაში მეორე მატჩი გამართა და „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ მოედანზე გატარებულ 17 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ თამაშიდან 20%-იანი სიზუსტით (1/5) ისროლა, საჯარიმოს ხაზთან არ დამდგარა, ხუთი მოხსნიდან კი ორიჯერ ბურთს მეტოქის ფარქვეშ დაეუფლა. რაც შეეხება პასივს – ფაჩულიას ერთხელ დაუფარეს, ხუთჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და სასტარტო ხუთი წუთის შემდეგ ანდრე დრამონდი შეცვალა.

მეორე მეოთხედი ფაჩულიამ თითქმის მთლიანად სკამზე გაატარა და მცირე დროში მხოლოდ ერთი ჯარიმა მიუმატა.

დიდი შესვენების შემდეგ, მესამე მეოთხედში მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ და ჩამორჩენაც ორ ქულამდე შეამცირეს, ამაში კი თავისი წვლილი ფაჩულიამაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა საკუთარ აქტივს კიდევ ერთი მოხსნა, ორი პასი და ერთი დაფარება შემატა.

ზაზა დასკვნითი პერიოდის სტარტზე მეხუთედ დაჯარიმდა, მაგრამ ამის შემდეგ, სანამ სათადარიგოებში გადაინაცვლებდა, კიდევ ორი მოხსნა და ერთი პასი მიითვალა.

თამაში ბრუკლინელებმა 110:108 მოიგეს.

მორიგ წინასასეზონო შეხვედრას „დეტროიტი“ 11 ოქტომბერს შინ „ვაშინგტონთან“ გამართავს.
შეგახსენებთ, „პისტონსის“ შემადგენლობაში ფაჩულიას დებიუტი 4 ოქტომბერს „ოკლაჰომასთან“ ჰქონდა და 15 წუთში 10 ქულა და სამი მოხსნა მიითვალა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=33&v=HgZoLWXmv_o

 

ზაზას ყოფილმა თანაგუნდელმა „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა – სტეფ კარიმ, წინასასეზონო მატჩის წინ, მოთელვისას დაუჯერებელი რამ გააკეთა – სტეფმა ცენტრიდან ისე ჩააგდო, რომ ფართან ზურგით იდგა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები