LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 სექტემბრისთვის გზების შეკეთების პირველი ნაწილი დასრულდება

60

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრისთვის გზების შეკეთების პირველი ნაწილი დასრულდება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის სამუშაოები თბილისში ბოლო წლებში არ განხორციელებულა.

„სტატისტიკა აშკარაა, რომ დღეს ორჯერ მეტი კეთდება ვიდრე გასულ წელში. მომავალ წელს კი უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქს დაეტყოს ხელი. პრობლემები ძალიან ბევრია და პრობლემებია სხვადასხვა მიმართულებებით საკანალიზაციო, სანიაღვრე პრობლემები, წყლის პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ სადაც შევდივართ და ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს, ძირეულად ვცვლით ყველაფერს. ვაწესრიგებთ კანალიზაციას, წყლის პრობლემას ვაგვარებთ ადგილობრივ მოსახლეობაში და შემდეგ უკვე ხდება მოასფალტება. კონკრეტულად ამ სამუშაოების პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. რამდენიმე დღეში, ღამის საათებში, მეორე ფენის დაგებას დავიწყებთ. შემდეგი ეტაპი უკვე არის ბორდიურების შეკეთება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საცობებს, დედაქალაქის მერის თქმით, ასეთი მასშტაბის სამუშაოების დროს საცობები ნორმალურია.

“ამ მასშტაბის სამუშოები არასდროს ჩატარებულა. თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, შევძლო საცობების გარეშე ამ სამუშაოების წარმოება, დიდი სიამოვნებით მივიღებდი,“ – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, საგზაო სამუშაოების პარალელურად, დაიწყებს თუ არა მერია თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ხომ არ შეექმნებათ ამის გამო გადაადგილების პრობლემები მგზავრებს, კალაძემ განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მეტროსადგურებშიც დაიწყებენ, თუმცა ამისთვის ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები