Tesla ყველაზე იდუმალი ავტომობილის პრემიერისთვის ემზადება. ამერიკული ავტომწარმოებელი შვეიცარიაში გამართულ Grand Basel-ის გამოფენაზე უახლეს მოდელს წარმოადგენს. ტესლა ავტომოყვარულებს დიდ სიურპრიზს უმზადებს და გავრცელებული ინფორმაციით, სიახლე Tesla Roadster-ის სერიული ვერსია იქნება. პორტალ „Electrek”-ის ინფორმაციით, კომპანიამ ბაზელის ღონისძიებაზე რამდენიმე ერთგული კლიენტი უკვე დაპატიჟა, ასევე 2 ვიპ-ბილეთი გაათამაშა და იღბლიანი გამარჯვებულები ავტო შოუს სრულიად უფასოდ დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ Tesla Roadster-ის პროტოტიპი ნოემბრის თვეში წარადგინეს და მოდელმა ერთდროულად 3 ელექტრო ძრავი მიიღო. 0-დან 96 კმ/სთ-ს სპორტქარი 1,9 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ-ია.
აღსანიშნავია, რომ ბაზელის გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს 1953 წელს შექმნილი დიზაინით აწყობილი იტალიური ავტომობილის Diamond Line-ის მაკეტის ხილვის საშუალებაც ექნება.