ამერიკელმა ქალმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის მეორე ჯარიმა პირველის მიღებიდან რამდენიმე წამში მიიღო. ნებრასკას შტატის პოლიციელებმა Ford Mustang-ის მძღოლი ზედიზედ ორჯერ დააჯარიმეს. როგორც ჩანს, ჩანტელ უილსონმა კანონის მეორედ დარღვევა საპატრულო ავტომობილის გასვლისთანავე მოახერხა.
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ყვითელი მუსტანგი მათ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერეს, ქალბატონი 148 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, როცა დაშვებული მხოლოდ 121 კმ/სთ იყო. მძღოლს ჯარიმა გამოუწერეს და გაუშვეს. უილსონმა ავტმობილი ადგილიდან სწრაფად დაძრა და პირველივე წამიდან მაღალი სიჩქარე აკრიფა. საპატრულო რადარმა 228 კმ/სთ დააფიქსირა, შესაბამისად, ამერიკელი გააჩერეს და დააკავეს. კანონდამრღვევი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს და მას იქ ყოფნა სასამართლო პროცესამდე მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ურჩი მძღოლის ავტომობილში ნარკოტიკიც იპოვეს, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.