ბრაზილიელმა ავტომოყვარულმა Fiat-ის ჰეტჩბეკი Lamborghini Aventador-ად გადააქცია. ედიმარ სოუზ გულარტს Lamborghinis-ს ასლის შესაქმნელად არავის დახმარება არ დასჭირვებია და ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა.
პროფესიით მექანიკოსმა თავისი პროექტის ბაზად 16 წლის Fiat Uno აირჩია. მანქანა-დონორი ბრაზილიელმა 2 წლის წინ 31 ათას რეალად შეიძინა და ამ პერიოდის განმავლობაში კარგადაც მოიხმარა. „ლამბოს“ ასლის შესაქმენლად კი მან ახალი ძარა და რამდენიმე დეტალი გამოიყენა, რაც ჯამში 10 ათასი რეალი დაჯდა. ცვლილებები ძირითადად კოსმეტიკური ხასიათის იყო და ტექნიკურად ავტომობილი კვლავ fiat-ად დარჩა. მას 1,1 მოცულობის ძრავი აქვს და 58 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მოდელს პირველი 100 კმ-ს ასაკრეფად 15 წამი სჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 155 კმ/სთ-ია.