ადგილობრივები ხუმრობენ: ვისაც უნახავს დუბროვნიკი, უნახავს მთელი ხორვატიაო. ამ ბრწყინვალე ქალაქში მართლაც რომ თავმოყრილია საუკეთესო, რითაც ბალკანეთი ამაყობს: მდიდრული არქიტექტურა, თავბრუდამხვევი პეიზაჟები, მოვლილი პლაჟები, მყუდრო რესტორნები.
დუბროვნიკის ისტორია მე-7 საუკუნეში დაიწყო და რამდენიმე საუკუნეში არნახულ სიძლიერეს მიაღწია: გათვლილმა პოლიტიკამ და ადრიატიკაზე აქტიურმა ვაჭრობამ ის ვენეციის რანგში აიყვანა. მე-15-16 საუკუნეებში ქალაქი მეცნიერებისა და ხელოვნების ცენტრად იქცა სასახლეებით, მოედნებითა და გასაოცარი სილამაზის ტაძრებით. მთელი ეს შესანიშნაობა ჩვენ დრომდე შემორჩა.
დღეს დუბროვნიკი მთავარი კურორტია ადრიატიკის ზღვაზე, რომელიც იუნესკოს აღორძინების ხანის საუკეთესო ევროპული ძეგლების სიაშია შეტანილი.
დუბროვნიკის ჩილიპის საერთაშორისო აეროპორტი ცენტრიდან 20 კმ-შია.
აეროპორტიდან ცენტრში შატლები, საქალაქო ავტობუსები და ტაქსი დადის.
დუბროვნიკის რაიონები
დუბროვნიკი ადრიატიკის ზღვის გასწვრივ 6 კმ-ზეა გადაჭიმული. მისი გულია ძველი ქალაქი პილე: ისტორიული ცენტრი, სადაც თავმოყრილია ძირითადი ღირსშესანიშნაობები, სასუვენირო დახლები და რესტორნები. საცხოვრებელი აქ ძვირია. საციხო კედლის ქვის შუაგულში ყველაზე კარგად იგრძნობა შუასაუკუნეების კოლორიტი. თუმცა მინუსიც აქვს: სიმჭიდროვეა, ხმაური, ხოლო გაუთავებელი ზღვის პროდუქტების კერძებისგან სპეციფიური სურნელი ტრიალებს. ლუქსის მოყვარულებს ურჩევნიათ მეზობელი რაიონი პლოჩე აირჩიონ. აქ ფეშენებელური სასტუმროებია, სიახლოვეს კი სახელგანთქმული პლაჟი ბანიე მდებარეობს ელიტური ღამის კლუბებით.
კიდევ ორი პოპულარული საკურორტო ზონაა ლაპადი და ბაბინ კუკი, რომელიც ბაღებისა და პარკების სიმწვანით გამოირჩევა. პირველის სავიზიტო ბარათია ტყიანი გორაკი პეტკა, მეორის – იდეალური საოჯახო დასვენებისთვის პლაჟი კოპაკაბანა.
პორტის გვერდითაა საცხოვრებელი რაიონი გრუჟი განვითარებული ინფრასტრუქტურით, ცენტრალური ავტოსადგურითა და მთავარი ბაზრით. უბრალოდ აქედან მთავარ პლაჟებამდე ცოტა შორია, თუმცა საცხოვრებლის ფასები შედარებით ხელმისაწვდომია.
ტრანსპორტი
ყველაზე პოპულარული სახეობაა კომპანია „ლიბერტასის“ ავტობუსები. ისინი 10-15 წუთიანი ინტერვალით დადიან, ძირითადი მარშრუტები აერთებს ძველ ქალაქს, ლაპადს და ბაბინ კუკს. ბილეთები იყიდება ჯიხურებში (12 კუნა ერთი მგზავრობა) და მძღოლთან (15 კუნა) და მოქმედებს ერთი საათის განმავლობაში.
ეკონომიის მიზნით შესაძლებელია ერთდღიანი სამგზავროს ყიდვა 30 კუნად.
დუბროვნიკში დადიან ღია ტურისტული ავტობუსები. ის ყველა პოპულარულ ღირსშესანიშნაობას მოივლის. აუდიოგიდით ექსკურსიის ღირებულება 60 კუნაა, 6 წლამდე ბავშვები უფასოდ სეირნობენ.
კიდევ ერთი სატრანსპორტო ატრაქციონი ფუნიკულიორია, რომელსაც ტურისტები ძველი ქალაქის კედლებიდან სრდის მთის წვეროზე აყავს. მგზავრობა 4 წუთს გრძელდება, კაბინაში 30 ადამიანამდე ეტევა, 405 მეტრის სიმაღლიდან მართლაც თავბრუდამხვევი ხედებია. ბილეთი ერთი მიმართულებით 80 კუნაა, ორივე – 130 კუნა (ბავშვებისთვის – 40 და 60 კუნა შესაბამისად).
აეროპორტში, ავტოსადგურზე, პილეს, პლოჩესა და გრუჟის რაიონებში ტაქსის სადგომებია. სტანდარტული ტარიფია 25 კუნა ჩასხდომაზე და 8 კუნა ყოველ კმ-ზე. ქალაქის შემოვლა საშუალოდ 70-100 კუნა ჯდება, ტრანსფერი აეროპორტიდან ცენტრში – 250-300 კუნა.
ავტომობილის ქირაობა
დუბროვნიკი კომპაქტურია: ძირითადი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება რამდენიმე საათშიც შეიძლება, სანაპიროებამდეც მარტივად მიხვალთ ფეხით. მანქანის ქირაობას აზრი აქვს, როდესაც ქალაქთან ახლოს მდებარე თვალწარმტაცი ადგილების მონახულება გინდათ, ან მეზობელ ქალაქებში ან თუნდაც ქვეყნებში (ალბანეთი, ბოსნია, მონტენეგრო) გასეირნება.
გაქირავების ოფისები გახსნილია (Sixt, Avis, Hertz, Sunnycars) აეროპორტში, გრუჟის პორტსა და ტურისტულ რაიონებში. ფასები ევროპულთან შედარებით მისაღებია. მომცრო მანქანის აღება 130 კუნადან იწყება, უნივერსალის – 160, პრემიალური ავტო 270 კუნა ღირს დღეში. საწვავი 10 კუნამდეა ლიტრზე.
ზაფხულში დუბროვნიკში საცობებია, განსაკუთრებით პორტის სიახლოვეს და ქალაქიდან გასვლისას. პარკირებასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია სირთულეები იყოს: სადგომები გადატვირთულია. ბევრი ქუჩა ცალმხრივია, ასე რომ, საჭირო ადგილზე მისვლამდე შესაძლებელია ცოტა გაწვალდეთ.
Dubrovnik Card
ტურისტებისთვის, რომლებთაც სურთ მაქსიმუმი მიიღონ და თან არ გაკოტრდნენ, მოიფიქრეს Dubrovnik Card. ყველგან იყიდება. ერთდღიანი ბარათი 190 კუნა ღირს და საშუალებას იძლევა უფასოდ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოინახულოთ საციხო კედლები, მუზეუმები (ეთნოგრაფიული, კულტურულ-ისტორიული და ა.შ.) და სამხატვრო გალერეები 24 საათის განმავლობაში.
3-დღიანი და 7-დღიანი ბარათი – 250/350 კუნა – 6-10 უფასო მგზავრობასა და ცავტატამდე ავტობუსის კუპონს იძლევა.
გარდა ამისა, Dubrovnik Card-ის მფლობელები იღებენ 160-გვერდიან გიდს და 5-30%-იან ფასდაკლებას რესტორნებში, სპა-სალონებში, საიუველირო დახლებსა და ტურსააგენტოებში.
დუბროვნიკის სანაპიროები
დუბროვნიკის უმეტესი პლაჟი კარგად არის აღჭურვილი. შესვლა ყველგან უფასოა, ზღვა კი გამჭირვალე, სანაპიროზე წვრილი კენჭებია, მაგრამ წყალთან უკვე ქვიშიანია. ერთ-ერთი პოპულარული პლაჟი ლაპადის ზღვის უბეში მდებარეობს. აქ არის საშხაპეები, ტუალეტები, გამოსაცვლელი კაბინები, გაქირავების პუნქტები, ბარ-რესტორნები.
ქოლგებისა და შეზლონგების ქირაობა დღიურად საშუალოდ 30 კუნა დაგიჯდებათ.
ბავშვიანი ოჯახები ხშირად ირჩევენ კოპაკაბანას სანაპიროს, სადაც მრავალფეროვანი გასართობია. აქაც კენჭებია, მაგრამ ნაპირიდან რამდენიმე ნაბიჯში პაწკუნტელა ქვები ქვიშაში გადადის.
პლაჟი ბანიე ორ ნაწილად არის გაყოფილი: უფასო საზოგადოებრივი და ფეშენებელური ფასიანი. სხვათა შორის, იქვეა ნუდისტური პლაჟი ლოკრუმა.
ასევე აღსანიშნავია: ბუზას პლაჟი, სანაპირო ველიკი ზალ, სვეტი იაკობის სანაპირო, პლაჟი ბელევუ და სხვები.
დუბროვნიკის სასტუმროები
დუბროვნიკში ყველა გემოვნებისა და ჯიბეზე გათვლილი სასტუმროებია: ეკონომიური „სამიანები“ და მდიდრული „ხუთიანები“. რაც უფრო ახლოა ძველ ქალაქთან, მით უფრო ძვირია. ყველაზე პრესტიჟულები თავმოყრილია პილესა და პლოჩეს რაიონებში. ლაპადისა და ბაბინ კუკის რაიონებში უფრო დემოკრატიული ფასებია: აქ სიმშვიდეა, სიმყუდროვე და თან სილამაზეა, ხოლო ცენტრამდე მარტივად მიხვალთ ფეხით. ყველაზე დაბალი ფასებია საპორტო გრუჟში, მონტოვერნესა და ბონინოვოში: ადგილობრივი საზომით პლაჟებამდე ცოტა შორია, თუმცა ეკონომია საგრძნობია.
ყველაზე იაფია ჰოსტელებში გაჩერება – 150 კუნადან დღეში საწოლი საერთო ოთახში. ორადგილიანი ნომერი 3*-იანში 1000 კუნადან დაჯდება. სასტუმროების ალტერნატივაა კერძო აპარტამენტები. ოთახის ღირებულება 150 კუნადან იწყება კომფორტის, სეზონისა და მანძილის მიხედვით.
შოპინგი
საუკეთესო სუვენირების დახლები ძველ ქალაქშია, ყველაზე მდიდარი ასორტიმენტია სტრადუნის ცენტრალურ ქუჩაზე. მოდას აყოლილებისთვის იდეალური საჩუქარია აბრეშუმის ჰალსტუხი: მამაკაცის აქსესუარები სწორედაც რომ ხორვატიაშია მოგონილი. ყურადღებას სხვა ორიგინალური ნივთებიც იქცევს: ძველი სარიტუალო ჭურჭლის ასლები ჩიტების ფორმით, რომელიც კერამიკისგან არის დამზადებული, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, ძველი სასოფლო სახლების მინიატურები, ასევე კირქვისგან დამზადებული ნაკეთობები, რომელიც სხვათა შორის ვაშინგტონის თეთრი სახლის მშენებლობისას გამოიყენებოდა.
უფრო ძვირია ბუმბულის კალმები (ისიც აქ მოიგონეს) და მდიდრული პაჟის მაქმანი (ნაღდ პროდუქციაზე ოფიციალურ სერთიფიკატს იძლევიან).
გურმანებმა უნდა დააგემოვნონ ცხვრის რძისგან დამზადებული მაგარი ყველი, ღვეზელი, ალუბლის ლიქიორი “მარასკინო” და თეთრი ღვინო “მალვაზია“.
მაღაზიები დუბროვნიკში ღიაა 8:00-დან 20:00 სთ-მდე, ტურისტულ სეზონზე 22:00 სთ-მდე (შესვენება 12:00-17:00), დასვენების დღეებში – 14:00 სთ-მდე. მსხვილი სავაჭრო ცენტრები ყოველდღე მუშაობენ 24:00 სთ-მდე.