LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა ტაქსით მგზავრობის გაძვირებისკენ თუ უსაფრთხოებისკენ – რა “ნაღმებია” ჩადებული ტაქსების რეგულირების კანონში

38

დედაქალაქის მერია სატრანსპორტო კოლაფსის განსამუხტად კიდევ ახალ რეგულაციებს გეგმავს. 1 აგვისტოდან იმისთვის, რომ მოქალაქემ ტაქსით საქმიანობა განახორციელოს, მას ამის დამადასტურებელი ნებართვა დასჭირდება. დედაქალაქში ყოველდღიურად 20 ათასამდე ტაქსი მოძრაობას. ნებართვის აღება ერთჯერადად ფასიანი იქნება, მის მისაღებად მძღოლს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მართვის მოწმობა დასჭირდება. ნებართვის აღების ვადა ნოემბერში ამოიწურება, 1-ელი ნოემბრიდან  რეგისტრაციის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება, რაც 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ტაქსისტების საქმიანობას კანონის ჩარჩოში მოაქცევს, პარლამენტმა უკვე მიიღო. ახალი რეგლუაციების მიხედვით, ტაქსის მძროლებს არა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა და სპეციალუირი საინფორმაციო ტაბლოს განთავსება მოუწევთ, რეფორმის მომდევნო ეტაპებზე, ისინი ვალდებული იქნებიან, დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრაონ დედაქალაქის ქუჩებში.

ცვლილებებს არ ეთანხება და ამ რეფორმას ნაჩქარევს უწოდებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი დავით მესხიშვილი. როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, დედაქალაქის მერიამ იჩქარა ცვლილებების დაანონსება და იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოუწესრიგებელია, რეფორმა ტაქსით მგზავრობას გააძვირებს, რაც გამოიწვევს მოქალაქეთა ნაკადის გაზრდას საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

მესხიშვილი იმასაც ამბობს, რომ ტაქსების რეგულირების რეფორმის დასრულების შემდეგ, სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, რადგან დაიტვირთება აპლიკაციებით ტაქსის გამოძახების სისტემა.

„ამის დრო ახლა არ იყო. ეს შეიძლება დაწყებულიყო, მაშინ როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში იქნებოდა გამართული. თანმიმდევრობაც არეულია. დადებით პროგნოზსაც ვერ გავაკეთებთ. არ მოგვწონს ეს რეფორმა, იქ როცა მეტრო არ გივარგა და თავზე გემხობა. ავტობუსი არ გივარგა, იქ ტაქსები არ არის ნომერ პირველი საკითხი. დაიტვირთება აპლიკაციებით ტაქსების გამოძახება. შედიხართ აპლიკაციაში, იძახებ ავტომობილს. თუ მოვა ვინმე და შეამოწმებს, ეტყვი, რომ მძღოლი გემსახურება და არა ტაქსი. ამას ამერიკაშიც ვერაფერი დააკლეს და აქაც არ მგონია. ვისაც არ ენდომება ლიცენზიის აღება, გადავა ყველა ამ სისტემაზე. მეორე საკითხია ასევე, როგორ უნდა გადაამოწმონ? რეფორმა ეხება მხოლოდ თბილისს. მძღოლმა რომ გითხრას მგზავრი ვთქვათ, კახეთიდან შემოვიყვანე და უკან ვბრუნდებიო, ამას როგორ გაამოწმებენ? ვერაფრით,“ – აღნიშნა მესხიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ლიცენზიის აღების შემდეგ, რეფორმის მეორე და მესამე ეტაპზე სავარაუდოდ, მძღოლს მოსთხოვენ ჯანმრთელობის, ნარკოლოგიისა და ნასამართლეობის ცნობებს, რაც გაუმართლებელია. ასევე, სავალდებულო გახდება ერთი ფერის ავტომობილის არსებობა, რაც ასევე არასწორია.

„ეროკავშირის ქვეყნებში არსებობს ტაქსების საქმიანობაზე ლიცენზია. იქ ეს ბიზნესი არის მოქცეული კანონის ჩარჩოში და არის გადასახადები. სინამდვილეში აქაც ეს კეთდება, თუმცა არის შეფუთული, რომ ტაქსი გახდება ტექნიკურად გამართული და ა.შ. ეს ტყუილია. საბოლოოდ, ჩემი აზრით, იქნება ყოველწლიური გადასახადი ტაქსისტებისთვის, მომავალი წლიდან. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივდივართ ტაქსის გაძვირებისკენ, რომლის დროც ახლა არაა. მერია ვერ ხვდება იმას, რომ იაფიანი ტაქსი მას ეხმარება იმაში, რომ ისე მწვავედ ქალაქში არ ჩანს საზოგადოებრივი ტრანსპორტით შექმნილი კრიზისი. როგორც კი ეს იაფიანი ტაქსი, 3-4 ლარიანი, გახდება 8-9 ლარიანი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი მოიმატებს. დღეს კი, სრულიად გაუმართავია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მე ვვარაუდობ, რომ ნოემბრიდან შეიძლება ტაქსისტებმა საპროტესტო აქციებიც დაიწყონ,“ – განაცხადა მესხიშვილმა.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამ ინიციატივის გაჟღერებისას ირწმუნებებოდა, რომ ტაქსის მძღოლებისთვის ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნა ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა, თუმცა განსახვებულად ფიქრობენ თავად ტაქსის მძღოლები.

გოჩა, რამდენიმე წელია ოჯახს ამ საქმიანობით არჩენს. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, უკანონოდ საქმიანობის გაგრძელებას, ურჩევნია ლიცენზია დროულად აიღოს.

„თუმცა, მანქანა არც ისე ახალი მყავს. მოდით, ნახეთ მოვლილი და სუფთაა, მაგრამ წლები არ აქვს ახალი. ჩემი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო ესაა. არც კი ვიცი რა მეშველება, თუ მომთხოვეს ახალი იყიდე და იმით იარეო. საიდან რა უნდა გავაკეთო არ ვიცი. თორემ კაი გადავიხდი იმ გადასახადს პატიოსნად,“-  აღნიშნა გოჩამ.

მისგან განსხვავებულად ფიქრობს დათო. ის, საქმიანობას როგორც კერძოდ, ასევე სხვადასხვა ტაქსოკომპანიაში ახორციელებს. „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ნებართვას აიღებს, მაგრამ მანქანას ვერ გამოცვლის, შესაბამისად, ეს რეფორმა საქმიანობის არალეგალურად გაგრძელებისკენ უბიძგებს.

„კარგად არ ვიცი. ხან იმას ამბობენ, ხან ამას. თუ მოგვთხოვეს, რომ ახალი მანქანა შევიძინო, ვერაფერს ვიზამ. მომიწევს, რომ ტრაფარეტისა და „პეტუშოკის“ გარეშე ვიარო. ეს ყველაფერი არალეგალური საქმიანობისკენ მიბიძგებს მეც და ბევრსაც. ბიჭები რომ ვლაპარაკობთ ხოლმე, ბევრია ჩემ აზრზე,“ – აღნიშნა დათომ.

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამასხურში ხაზგასმით დეტალებზე არ საუბრობენ, თუ როგორ გაგრძელდება ტაქსების რეგულირება, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ. როგორც “ფორტუნას” სამსახურში განუცხადეს, ამ რეფორმის მიზანი არაა, ტაქსების ოდენობის შემცირება. მთავარი მიზანია, ტაქსით გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი.

“ნოემბრიდან თუ რომელიმე ტაქსისტს არ ექნება ნებართვა აღებული, ისინი დაჯარიმდებიან. ეს პროცესი იქნება მარტივი და ვცდილობთ, საკუთარი ტელეფონიდან, სახლიდან გაუსვლელად რომ შეძლონ მსურველებმა ნებართვის აღება სიმბოლურ თანხად. ამის შედეგად, ყველა ტაქსს უნდა ჰქონდეს ტაქსის ნიშანი, მძღოლს უნდა ჰქონდეს გამოკრული დოკუმენტი, რომლითაც მგზავრი ინდენტიფიცირებას მოახდეს მძღოლის ვინაობის. მთავარი მიზანია, კომფორტის გაზრდა. მანქანა უნდა იყოს უსაფრთხო. დროთა განმავლობაში დაიხვეწება ნებართვის გაცემის პროცესი. ამის მიზანი არ არის ტაქსების გამოხშირვა. ტაქსები იმ რაოდენობით უნდა იყოს თბილისში, რამდენსაც მოითხოვენ მოქალაქეები. ჩვენ არ ვიცით რის საფუძველზე მსჯელობენ და საიდან მოდის ეს ჭორები. ჩვენ ეს წესი არ გვაქვს შემუშავებული. შემდეგ ეტაპებზე შეიძლება დაიხვეწოს, როგორც გითხარით. არ არის საუბარი არანარ ასაკობრივ შეზღუდვებზე,” –  განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები