კომპანია Bugatti-მ ააწყო და კლიენტს მიაწოდა რიგით მეასე ჰიპერქარი Chiron. ავტომობილი, რომლის ძარაც მუქ ცისფერშია გადაწყვეტილი და გლუვი მოპირკეთება აქვს, ახლო აღმოსავლელ კლიენტს გადაეცა. საიუბილეო მოდელის ფასი 2,85 მილიონი ევროა.
მწარმოებლის მონაცემებით, ყოველწლიურად, ამწყობი ქარხნის კედლებს სახელწოდებით L‘Atelier დაახლოებით 70 ავტომობილი ტოვებს. ის Bugatti-ს შტაბ ბინის ტერიტორიაზე, ფრანგულ მოლსიემში მდებარეობს. რაც შეეხება თავად Chiron-ს, მისი ტირაჟი 500 ეგზემპლარია.
ჰიპერქარის დებიუტი 2016 წელს შედგა. ის აღჭურვილია 8.0 ლიტრის მოცულობის W16 ძრავით, რომელიც 1 500 ცხენის ძალას ავითარებს. Bugatti Chiron ნულიდან ას კილომეტრ/საათამდე 2,4 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კმ/საათია.