LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგა – რჩევები რიგაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

273

რიგა – ძალიან ლამაზი ქალაქია. მისმა ცენტრალურმა რაიონმა შეინარჩუნა ძველი, ძალიან ძველი და უძველესი შენობა-ნაგებობების მთელი კომპლექსი. გარდა ამისა, რიგა ყოველთვის იყო „უფროსი ძმა“ პატარა ბალტიურ ოჯახში. ტალინთან და ვილნიუსთან შედარებით ეს ქალაქი მეგაპოლისის შთაბეჭდილებას ტოვებს.

განიერი დაუგავას (500-მეტრიანი) მიერ გაყოფილი რიგა არტ-ნუვოს სტილის ფასადებით, დიდი მწვანე პარკებით, მყუდრო ბარებით, შუასაუკუნეების გრავიურებით, ღამის ცხოვრებით, ძველი და ახალი რიგის შარმით გულგრილ არავის ტოვებს და სამუდამოდ რჩება ტურისტის მეხსიერებაში.

 

რიგის რაიონები

ადვილი მისახვედრია, რომ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ცენტრალური რაიონია. ამ პატარა მოედანზე ქალაქის უმეტესი ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი, რომელთა შორის მთავარი ძველი რიგაა. რადგან თავად რაიონი მხოლოდ 3 კვ/კმ-ს იკავებს, შეიძლება ითქვას, რომ 1 კვ/კმ-ზე 3-4 მუზეუმი მოდის.

გვერდს ვერ აუვლით ისტორიულ-კულტურული კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შენობას – რიგის ციხესიმაგრეს. ასევე აღსანიშნავია ლატვიის ისტორიისა და უცხოეთის ხელოვნების მუზეუმები. რაც შეეხება ცხოვრებას, სასტუმროს ნომრები ცენტრში იაფი არ არის, მაგრამ თუ სულ რამდენიმე დღით ხართ, მაინც აქ ჯობს გაჩერება.
ბიუჯეტური ვარიანტები კი ცენტრალურ სადგურთან უნდა მოძებნოთ.

ადმინისტრაციული რაიონებიდან ყურადსაღებია ვიძემის გარეუბანი და ზიემელის რაიონი. პირველ მათგანშია ლატვიის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ამ ღია ცის ქვეშ მუზეუმში 118 ისტორიული ნაგებობაა მთელი ქვეყნიდან და აქ ექსკურსიებს გიდები ეროვნულ სამოსში გამოწყობილები ატარებენ (შესვლის ღირებულება 1.5-4 ევროა). უნდა შეიაროთ რიგის მოტორმუზეუმშიც, სადაც ძველ ავტომობილებს და მოტოტექნიკას ნახავთ. ზიემელის რაიონი კი ბუნებაში დასვენებისთვისაა. აქ მდებარეობს კიშეზერსის ტბაპარკი და რიგის ზოოპარკი.

 

ტრანსპორტი

რიგაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგადაა განვითარებული: ავტობუსის, ტროლეიბუსისა და ტრამვაის ბევრი მარშრუტია. ავტობუსი ყველა რაიონს და ქალაქის მიმდებარე ადგილებს მოიცავს, ტრამვაი კი ცენტრში დადის. ბილეთს მძღოლთან იყიდით და ფასი 2 ევროა. თუ ერთიანი სამგზავრო ბილეთით ისარგებლებთ, ერთი მგზავრობა 1.15 ევრო დაგიჯდებათ.

მოქმედებს დროებითი ბილეთებიც, რაც საშუალებას იძლევა შეუზღუდავად გადაადგილდეთ 24 საათის (5 ევრო), 3 (10 ევრო) ან 5 (15 ევრო) დღის განმავლობაში.

ძირითადი ტრანსპორტის გარდა დადიან მინიბუსები, ხოლო დასვენების დღეებში ღამის ავტობუსები.

ქალაქში ბევრი ტაქსია (ყვითელი ფერის). ყველა ოფიციალურია და მრიცხველებითაა აღჭურვილი. სხვადასხვა კომპანიების ფასები დაახლოებით თანაბარია. ჩასხდომა – 1.5 ევრო, 1 კმ – 0.6 ევრო. ღამით მგზავრობა 20%-ით ძვირდება.

 

რიგის სანაპიროები

რიგაში და მის სიახლოვეს ბევრი პლაჟია – მდინარის, ზღვის და ტბის. სანაპიროები ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა, წყალი გამჭირვალეა, უსაფრთხოება და სერვისი მაღალ დონეზეა.

ვისაც მარილიან წყალში ურჩევნია ბანაობა, სამი საზღვაო პლაჟია. სამივე ცენტრიდან ნახევარი საათის სავალზეა. იქამდე ავტობუსით მიხვალთ, ხოლო რიგელებისთვის ყველაზე პოპულარულ „ვეცაკის“ პლაჟამდე მატარებელიც მიგიყვანთ. დანარჩენი ორი – „დაუგავგრივა“ და „ვაკარბული“ კუნძულზე მდებარეობს მდინარე დაუგავას შესართავთან. ყველა სანაპირო ქვიშისაა, შესვლა უფასოა.

რამდენიმე მდინარის პლაჟს დაუგავას ორივე მხარეს იპოვით. ყველაზე პოპულარულებია „რუმბულა“, „ლუცავსალა“ და „კიპსალა“. ეს უკანასკნელი ისტორიულ ცენტრთან ყველაზე ახლოსაა და მის ნაპირს ქვიშა ფარავს. წინა ორში კი აკურატულად შეჭრილი ბალახი იზრდება. ყველა პლაჟზეა უფასო გამოსაცვლელი ოთახები და ტუალეტი.

აქტიური დასვენებისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა „ლუცავსალეში“ (საპიკნიკო ზონები, დიდი საბავშვო მოედანი, ტრენაჟორები და ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები).

ტბებთანაც კომფორტული და კეთილმოწყობილი პლაჟებია. „კიშეზერსი“ კარგია, მაგრამ ბაბელიტისის ინფრასტრუქტურას ჩამორჩება.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები