რა თქმა უნდა, „ვიქტორიას სიკრეტის” გოგონების ცხელ ქვეყნებში მოგზაურობა ბევრად სახალისოა, ვიდრე ნებისმიერი რიგითი ტურისტის. ყოველწლიური შოუს შემდეგ, რომელიც ამჯერად შანხაიში მოეწყო, სამი „ანგელოზი“ – სარა სამპაიო, ლაის რიბეირო და ჟოზეფინ სკივერი ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე გაემგზავრნენ.
„მშვენიერი ადგილია დასვენებისა და ძალის აღსადგენად, სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად“, – აღნიშნა სარა სამპაიომ. „ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები უკან, რადგან ადგილობრივი გარემო და კულტურა რადიკალურად განსხვავდება ნიუ-იორკის დატვირთული ცხოვრებისგან“, – დაამატა რიბეირომ.
გართობა – „ძალიან მიყვარს ზღვა და მზე, წყალში კი, ყოველთვის პატარა ბავშვს ვემსგავსები“, – შენიშნა სანპაიომ, რომელმაც მთელი შვებულება მარჯნის რიფებით ცნობილ პხანგ-ნგას ყურეში ყვინთვაში გაატარა. ჟოზეფინ სკივერისთვის კი, საუკეთესო რელაქსაცია სამკურნალო აბაზანები აღმოჩნდა, „ასეთი აბაზანები ძალიან სასარგებლოა, რადგან ორგანიზმსაც აჯანსაღებს და უკეთ აზროვნებაშიც გეხმარება“, – აღნიშნა მოდელმა.
ფიზიკური დატვირთვა –„ფიზიკური დატვირთვა ყოველთვის იმ ნეგატივისგან გვანთავისუფლებს, რომელიც პერიოდულად გროვდება ჩვენში“, – აღნიშნა სკივერმა, რომელიც ყოველდღე დარბოდა ტაილანდის პლაჟზე. რიბეირომ კი, რომლის ფიტნესპროგრამა მეტწილად წყალში აქტივობას ითვალისწინებდა, დაამატა, რომ საუკეთესო შვებულება „დიდხანს ცურვა, მერე კი, მშვიდი ძილი პლაჟზე“.
ბუნება – მეცნიერები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ბუნებაში დასვენება პოზიტიურად მოქმედებს ორგანიზმსა და გონებაზე, ამცირებს კორტიზოლის დონეს და არეგულირებს არტერიულ წნევას. „ანგელოზებისთვის“ ტაილანდის კულტურის გაცნობა პხუკეტში, 30 აკრზე გაშლილი სპილოების ტაძრის მონახულებით დაიწყო, სადაც ბრაკონიერებს გადარჩენილი სპილოები ბინადრობენ. „სპილოებს ვუყურებდით და მათი ბედნიერებით ჩვენც ვხარობდით“, – თქვა სარა სამპაიომ.
Digital Detox – ბევრისთვის მობილურ მოწყობილობებზე თუნდაც დროებით უარის თქმა ნამდვილი თერაპიაა, რადგან როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ამგვარი „გამაჯანსაღებელი პაუზა“ აუმჯობესებს ძილს, ადამიანებს შორის ურთიერთობას და ზოგადად ცხოვრების ხარისხს. „სამყარო საგიჟეთს ჰგავს, რომელიც მართალია ძალიან საინტერესოა, მაგრამ ზოგჯერ მისგან დასვენებაც საჭიროა“, – აღნიშნა სკრივერმა.