ვაჟა-ფშაველას გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გადაკვეთაზე ნაკადების განმუხტვისთვის, იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა.
ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე გროვდებოდა, რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა.
პრობლემის გადასაჭრელად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ვაკელის ქუჩა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გააცალმხრივა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. ამიტომ, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ფანჯიკიძის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ე.წ. ბასლეინი დახაზა. ასევე, გაკეთდა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე, იონა ვაკელის ქუჩის პარალელური – ოთარ ჭილაძის ქუჩის მონაკვეთიც გაცალმხრივდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე ჭილაძის ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაჭრა ეკრძალებოდა. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველასა და ჭილაძის გადაკვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნები განათავსა. ამგვარად, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩებისკენ გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდა.
თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.