საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი პირადად გადასცა.
პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ცერემონიას ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ნაკრები, მწვრთნელები და „გოლდენ სტეიტის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეს ჯილდო დიდი პატივია ჩემთვის, – ამის შესახებ ზაზა ფაჩულიამ დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
“რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში”, – განაცხადა ფაჩულიამ.
დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს, ზაზა ფაჩულიას – ის პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც NBA-ს წევრი გახდა და თავისი გუნდის გამარჯვების აღნიშვნა თავის სამშობლოში გადაწყვიტა, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ზაზა ფაჩულია საქართველოს გვერდში უდგას ჭირშიც და ლხინშიც და ის მაგალითია კარგი მოქალაქეობის.
გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას პატრიოტული სულისკვეთებისთვის მადლობა გადაუხადა.