საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია FIA შვეიცარიის ავტოსპორტის ფედერაციას სთხოვს The Grand Tour-ის წამყვანის, რიჩარდ ჰამონდის მიერ განხორციელებულ ავარიაში გაერკვეს, რომელიც სანკტ-გალენში მთაზე რბოლისას მოხდა.
The Grand Tour-ის პირველი სერია, რომელიც კლარკსონის, ჰამონდისა და მეის ახალი პროექტი გახლავთ, სერვის Amazon Prime-ზე 2016 წლის 18 ნოემბერს გავიდა. გადაცემა ”ამაზონის” ყველაზე პოპულარული შოუ გახდა, ასევე რეკორდი მოხსნა არალეგალური ჩამოტვირთვების რაოდენობითაც. მეორე სეზონი ოქტომბერში გამოვა, სულ შოუ სამი წლის განმავლობაში გასტანს და 36 ეპიზოდს მოიცავს.
”ავარიამ ავტოსპორტის რეპუტაცია შელახა” – ნათქვამია ავტოფედერაციის განცხადებაში. ამასთან დაკავშირებით FIA განმარტებას შვეიცარიის ავტოსპორტის ფედერაციისგან ითხოვს. ”ჩვენი ასოციაცია ვალდებულია გაერკვეს მომხდარში და დისციპლინარული სამართალწარმოების ინიცირება მოახდინოს”.
გამოძიების მთავარი საკითხი ის გახლავთ, თუ რატომ შევიდა მარცხენა მოსახვევში ჰამონდი ასე სწრაფად ფინიშის გადალახვის შემდეგ.
The Grand Tour-ის წამყვანი შვეიცარიის მთაზე ასვლის ჩემპიონატის ოფიციალური მონაწილე არ იყო და ეპიზოდს 1088 ცხენის ძალიანი ელექტრო Rimac Concept One-ით იღებდა. ერთ-ერთ მოსახვევში მან მართვა დაკარგა და ტრასიდან გადაფრინდა. ავტომობილი ამობრუნდა, თუმცა ჰამონდმა გადმოსვლა მოახერხა, ამის შემდეგ კი ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ჰამონდმა მუხლი მოიტეხა და ჰოსპიტალში საოპერაციოდ გადაიყვანეს. ჯერემი კლარკსონის განცხადებით, The Grand Tour-ის მეორე სეზონის გადაღებები გაგრძელდება, თუმცა იმ ტესტ-დრაივებს, რომელიც ჰამონდს უნდა გადაეღო, მეი აიღებს საკუთარ თავზე.